„ჩვენ მივაღწიეთ ისტორიულ გამარჯვებას“ – ამის შესახებ ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ, ვიდეომიმართვაში განაცხადა, რომელიც ოპერაცია „აღმავალი ლომის“ შეჯამებას ეხებოდა.
ნეთანიაჰუ აცხადებს, რომ ისტორიული მოვლენა – აშშ-ის მიერ ირანზე დარტყმები ისრაელის მხარდასაჭერად – იმ დიპლომატიური კამპანიის ნაყოფია, რომელსაც ის მინისტრ რონ დერმერთან ერთად ხელმძღვანელობდა.
„ისრაელს არ ჰყოლია ტრამპზე უკეთესი მეგობარი და დიდი მადლობა მინდა გადავუხადო მას ჩვენი ერთობლივი მუშაობისთვის“ – აცხადებს ნეთანიაჰუ.
ამასთან, ნეთანიაჰუმ მკაცრად გააფრთხილა ირანი:
„თუ ვინმე, ვინც არ უნდა იყოს ირანში, შეეცდება ამ პროგრამის აღდგენას, ჩვენ იმავე სიმტკიცით და ძალით ვიმოქმედებთ, რათა აღვკვეთოთ ნებისმიერი მცდელობა. ვიმეორებ, ირანს არ ექნება ბირთვული იარაღი“.
ცნობისთვის, ირანის პრეზიდენტმა მასუდ ფეზეშქიანმა განაცხადა, რომ მისმა ქვეყანამ „ისტორიული გამარჯვება“ მოიპოვა. ირანის პრეზიდენტის განცხადებით, მტერმა „ვერ მიაღწია თავის მიზნებს – ობიექტების განადგურებას, ირანში ბირთვული კვლევების შეწყვეტას“.