ანტიკორუფციული ბიურო სადამსჯელო უწყებად იქცა, – ასე ეხმაურება საქართველოს მე-5 პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი რაჟდენ კუპრაშვილის უწყების მოთხოვნას, რომ არასამთავრობო ორგანიზაციებმა ბენეფიციარების პერსონალური ინფორმაცია ანტიკორუფციულ ბიუროს გადასცენ.
სალომე ზურაბიშვილი მესამე სექტორს სოლიდარობას უცხადებს და სოციალურ ქსელში წერს, რომ ნებისმიერი ქმედება, რომელიც ზეწოლას ახდენს მონაცემთა გასაჯაროებაზე, სამართლებრივ სახელმწიფოსთან და დემოკრატიულ სტანდარტებთან შეუთავსებელია.
“მხარდაჭერას ვუცხადებ პერსონალური ინფორმაციის დაცვის პრინციპს, რომლის დაცვის პასუხისმგებლობა და მისი ერთგულება განურჩევლად ყველას ვალდებულებაა. ამ ვადებულების უგულვებელყოფას კი კანონი ვერ უნდა ითხოვდეს ვერავისგან.
ნებისმიერი ქმედება, რომელიც არღვევს ამ პრინციპს და ზეწოლას ახდენს მონაცემთა გასაჯაროებაზე, შეუთავსებელია სამართლებრივ სახელმწიფოსთან და დემოკრატიულ სტანდარტებთან.
არც ერთი კანონი არ უნდა გამოიყენებოდეს კრიტიკული ხმების ან დამოუკიდებელი სამოქალაქო სექტორის წინააღმდეგ.
სოლიდარობას ვუცხადებ იმ ორგანიზაციებს, რომლებიც წინ აღუდგნენ ამ ზეწოლას.
იმის ნაცვლად რომ ქვეყანაში კორუფციის არაერთ გახმაურებულ საქმეზე დაიწყოს გამოძიება, კუპრაშვილის უწყება სადამსჯელო უწყებად იქცა.” – წერს სალომე ზურაბიშვილი.