იურისტი საბა ბრაჭველი სოციალურ ქსელში წერს, რომ ანტიკორუფციული ბიუროს უფროსი უფლებადამცველებისგან, სამართლებრივი საფუძვლების გარეშე, ითხოვს მათი დაცვის ქვეშ მყოფი მოქალაქეების და მათი ოჯახის წევრების პერსონალური ინფორმაციის გადაცემას.
ბრაჭველის თქმით, ბიურომ მოითხოვა ბენეფიციარების, დაცვის ქვეშ მყოფი ან სულაც შეხვედრებზე დამსწრე ადამიანების სიები, სახელები, გვარები, ფოტოსურათები, განსაკუთრებული კატეგორიის პერსონალური მონაცემები.
“რუსული კანონების აღსრულება რეჟიმმა ოფიციალურად დაიწყო. გუშინ ივანიშვილის მოსამართლეებმა ხუთ ორგანიზაციას ოფიციალურად მოგვთხოვეს რაჟდენის ბიუროსთვის წარმოუდგენელი ინფორმაციის გადაცემა. მაგალითად, ისეთი ინფორმაციის, როგორიცაა ჩვენი ბენეფიციარი, დაცვის ქვეშ მყოფი ან სულაც შეხვედრებზე დამსწრე ადამიანების სიები, სახელები, გვარები, ფოტოსურათები, განსაკუთრებული კატეგორიის პერსონალური მონაცემები.
რომ გაიაზროთ რას ითხოვენ – მაგალითად, ჩემი ორგანიზაცია 200 დღეზე მეტია უსასყიდლო სამართლებრივ დახმარებას აწვდის რეჟიმის მიერ ნაწამებ, ჩაგრულ, დაჯარიმებულ ადამიანებს. ჩვენი იურისტები იცავენ პოლიტპატიმრების ინტერესებსაც. ჩვენ ხელს ვუწყობთ ყველა ჩაგრული ადამიანის ისტორიის შეგროვებას, დოკუმენტირებას, დამუშავებას, სამართალწარმოებას, მათი სახელებისა და საქმეების ყველგან გაჟღერებას. ანალოგიურად – წლებია, საფარი იცავს, ეხმარება და წარმოადგენს ქალებსა და ბავშვებს. გამჭვირვალობა წლებია, იცავს მამხილებლებს, სასამართლოში მიყვება ათასობით ადამიანს. ეს სია უსასრულოა.
და ახლა ცინიკურად ითხოვენ, რომ ამ ადამიანების, ჩვენი მოქალაქეების ნდობას სრულად ვუღალატოთ, რომ მათი კონფიდენციალური, მათ შორის, ჯანმრთელობის შესახებ ინფორმაცია, მათივე მჩაგვრელებს გადავცეთ.
ვერ ეღირსებიან. ჩვენი მოქალაქეების ნდობას არცერთი ბრძანების ძალით ან დასჯის შიშით არ ვუღალატებთ. ვაგრძელებთ ბრძოლას და მუშაობას ქართველი ხალხის უფლებების დასაცავად.” – წერს საბა ბრაჭველი.