ირანის სახელმწიფო ტელევიზიაზე დაყრდნობით, სააგენტო „ფრანს-პრესი“ ავრცელებს ინფორმაციას, რომლის თანახმადაც, ისრაელის იერიშების შედეგად, ორი ირანელი გენერალი დაიღუპა.
ირანის სახელმწიფო ტელევიზიის ცნობით, ისრაელის სარაკეტო იერიშებს ირანის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დაზვერვის უფროსის მოადგილე, გენერალი გოლამრეზა მეჰრაბი და ოპერაციების ხელმძღვანელის მოადგილე, გენერალი მეჰდი რაბანი ემსხვერპლა.
შეგახსენებთ, ირანის სახელმწიფო მედიამ ინფორმაცია გაავრცელა, რომ ისრაელის იერიშების შედეგად ირანის შეიარაღებული ძალების შტაბის უფროსი გენერალ-მაიორი მოჰამედ ბაღერი, ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის (IRGC) მეთაური ჰოსეინ სალამი, ირანის საჰაერო ძალების მეთაური გენერალი ამირ ალი ჰაჯიზადე და ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის (IRGC) ცენტრალური შტაბის ხელმძღვანელი გოლამალი რაშიდი დაიღუპნენ.