“ჩვენთვის რაც არის ცნობილი, არის ის, რომ ლისის მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც არც კამერებია, სადაც ნაკლები მანქანა გადაადგილდება და ასე შემდეგ, წინასწარი ჩასაფრება მოუწყვეს”- – ამის შესახებ “კოალიცია ცვლილებისთვის” წევრმა ანა გოგოლაძემ “ფორმულას” ეთერში ისაუბრა.
“ასევე, როგორც ცნობილი გახდა, მას სახლიდან უკვე მიყვებოდა, სავარაუდოდ, სუს-ის რამდენიმე მანქანა. მისი დაკავება მოხდა ლისის მიმდებარე ტერიტორიაზე, ადამიანებისგან და კამერებისგან განრიდებულ ადგილას. დაახლოებით 200-მდე ადამიანი იყო, როგორც კრიმპოლის, ასევე პოლიციის თანამშრომლები. მანქანა გააჩერეს იმ მიზეზით, რომ რაღაც, მორიგი გადამოწმება იყო თითქოს, რა დროსაც ერთ-ერთმა ეკიპაჟის წევრმა რაციაში უთხრა რომ “ობიექტი აქ არისო”. [სპეცოპერაცია იყო ნამდვილად ნიკა მელიას წინასწარი აყვანის]. დაახლოებით, კრიმპოლის 200-მდე თანამშრომელმა ყველას, მის [ნიკა მელიას] თანმხლებ პირებს ჩამოართვეს ტელეფონები, წაიღეს მანქანიდან კამერები და ნიკა ძალის გამოყენებით, აბსოლუტურად ყოველგვარი განმარტების და მიზეზის გარეშე, როდესაც ჩვენ ვიცით, რომ მას ხვალ ჰქონდა სასამართლო და დღეს ნიკა მელიას დაკავების არანაირი მიზეზი არ არსებობდა, ნიკა უბრალოდ გაიტაცეს ძალადობრივად”- განაცხადა ანა გოოგლაძმემ.
ცნობისთვის, ცოტა ხნის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ “კოალიცია ცვლილებისთვის” ერთ-ერთი ლიდერი ნიკა მელია ლისის მიმდებარე ტერიტორიაზე დააკავეს. ადვოკატის ინფორმაციით, ნიკა მელია იმ დროს დააკავეს, როცა ის გადაცემის ჩასაწერად მიდიოდა.
