გამოცემა The Guardian-ის ცნობით, გიორგი ბაჩიაშვილი აბუ-დაბიში ადგილობრივ იურისტთან შესახვედრად იმყოფებოდა, თუმცა სასტუმროში დააკავეს და საქართველოში დააბრუნეს.
ბაჩიაშვილის მეგობრების ინფორმაციით, ის სასტუმრო Jumeirah Beach Hotel-ში მივიდა, სადაც მის დასახმარებლად მოწვეული იურისტი ელოდა. თუმცა მის ნაცვლად სასტუმროს ფოიეში დაახლოებით რვა შეიარაღებული პირი – სავარაუდოდ, უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლები – გამოჩნდნენ, რომლებმაც ის ადგილზე დააკავეს და დუბაის პოლიციაში გადაიყვანეს
„მას მხოლოდ ერთი სატელეფონო ზარის უფლება მისცეს – ოჯახისთვის დაერეკა და დაკავება შეეტყობინებინა. მას შემდეგ მისი ზუსტი ადგილსამყოფელი უცნობია,“ – წერს ბრიტანული გამოცემა
შეგახსენებთ, დღეს დილით, სუს-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ “თანაინვესტირების ფონდის” ყოფილი თავმჯდომარე, გიორგი ბაჩიაშვილი წითელი ხიდისა და სადახლოს შორის არსებული ე.წ. მწვანე საზღვრის მონაკვეთის მიმდებარედ დააკავეს.
გიორგი ბაჩიაშვილის წინააღმდეგ საქმე ივანიშვილის განცხადების საფუძველზე 2023 წელს აღიძრა. პროკურატურა ბაჩიაშვილს 39 215 820 აშშ დოლარის კრიპტოვალუტის მითვისებას ედავებოდა. მას თბილისის საქალაქო სასამართლომ 2023 წლის 6 ივლისს აღკვეთის ღონისძიებად 2,5 მილიონი ლარის გირაო შეუფარდა.
2025 წლის martSi, ბაჩიაშვილმა საქართველო მარტში დატოვა. პროკურატურამ ბაჩიაშვილი ძებნილად გამოაცხადა. 2025 წლის 10 მარტს თბილისის საქალაქო სასამართლომ გიორგი ბაჩიაშვილს, დაუსწრებლად „კრიპტოვალუტების საქმეზე“ 1-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა.
გარდა “კრიპტოვალუტის საქმისა” გიორგი ბაჩიაშვილის წინააღმდეგ აღძრულია სისხლის სამართლის კიდევ ორი საქმე – საზღვრის უკანონოდ გადაკვეთისთვის და „თანაინვესტირების ფონდის” ხელმძღვანელობის პერიოდში „მტკვარი ჰესის” პროექტთან დაკავშირებით სამსახურებრივი მოვალეობის შეუსრულებლობა.