“უნდა შეიქმნას პოლიტიკური ალტერნატივა, ისეთი ალტერნატივა, რომელიც ისარგებლებს თქვენი ნდობით და ჩვენი პარტიების ნდობით” – ამის შესახებ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა რუსთაველზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
ზურაბიშვილის თქმით, “ქართული ოცნება” ცდილობს, საზოგადოებასა და პარტიებს შორის დაპირისპირება და დაყოფა შემოიტანოს, რაც არ უნდა დავუშვათ.
“ყველამ ძალიან კარგად ვიცით, რომ ვერცერთი პარტია მარტო ვერაფერს მიაღწევს. ისიც ძალიან კარგად ვიცით, რომ თუ არა ელემენტარული ერთობა – “ქართული ოცნების”, რომელსაც აღარაფერი აღარ შეუძლია, ერთადერთი ბერკეტი და ერთადერთი მიზანი არის, საზოგადოებასა და პოლიტიკურ პარტიებს შორის შემოიტანოს დაყოფა, ეს არის ყველა დიქტატორული რეჟიმის ერთადერთი ხერხი – დაყავი და იბატონე – და ეს არ უნდა დავუშვათ, ამიტომ ვმუშაობთ იმაზე და შევქმენით წინააღმდეგობის პლატფორმა”, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
რუსთაველის გამზირზე, „26 მაისის ეროვნული კომიტეტის“ ორგანიზებით, სახელწოდებით „საქართველო კვლავ დაგიცავ“ ძირითადი ღონისძიება დაიწყო. შეკრებილ მოქალაქეებს მეხუთე პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი სიტყვით მიმართავს, ასევე შეკრებილებს შეუერთდებიან ევროპარლამენტარები, რომლებიც სპეციალურად საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით თბილისში ჩამოვიდნენ.
