პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის გენერალური დირექტორი, ლევან რატიანი პროგნოზირებს, რომ თუკი კორონავირუსის შემთხვევების რაოდენობის ზრდა იმ ტემპით, როგორც ის დღეს არის, უახლოეს პერიოდში, კლინიკებში არცერთი თავისუფალი საწოლი აღარ იქნება.
მან გადაცემაში “დილა მშვიდობისა საქართველო” ისიც აღნიშნა, რომ საუნივერსიტეტო კლინიკაში უკვე 12 დღეა თავისუფალი ადგილი არ არის.
“5 000 ახალი კოვიდის შემხვევა ჩვენი ქვეყნისთვის არის ტრაგედია. როდესაც ინფიცირებულთა რაოდენობა იზრდება, მას პარალელურად სდევს დაავადებულთა ზრდაც. დაახლოებით პაციენტთა 15% თავსდება ჰოსპიტალურ სექტორში. ჯერჯერობით დღეს საწოლფონდის პრობლემა არ დგას, მაგრამ თუ ამ ტემპით გაგრძელდა ინფიცირებულთა რაოდენობის ზრდა, ალბათ, უახლოეს პერიოდში, საქართველოში არცერთი საწოლი არ იქნება თავისუფალი.
ჩვენ კლინიკაზე მინდა გითხრათ, რომ ბოლო 12 დღეა არც ერთი თავისუფალი ადგილი კლინიკას არ გააჩნია. აღნიშნულიდან გამომდინარე, ეს ცუდი ინდიკატორია.
წინა პერიოდში მახსოვს და გადავხედე, ასეთი მაღალი ციფრით არც ერთი ტალღა არ დაწყებულა. როგორც ეპიდემიოლოგები გვეუბნებიან, თუ ეს მე-5 ტალღის დასაწყისია, წარმომიდგენია, რა იქნება პიკის ფაზაში…
გარდა ამისა, უკვე იწყება სეზონური, ზედა სასუნთქი გზების ინფექციების გავრცელება. ეს ნიშნავს, რომ ორი ინფექციის გავრცელება შეიძლება მოხდეს პოპულაციაში. აღნიშნულიდან გამომდინარე, ეს ავადობის რაოდენობას ძალიან გაზრდის, ვინაიდან, შესაძლებელია, რომ ამ ორივე ვირუსით დაინფიცირდეს ადამიანი, ან იყოს ერთი როდესაც არის სეზონური გრიპი და ამ დროს იმუნური სისტემა იწყებს დაქვეითებას ვირუსთან ბრძოლაში და მას, თუ ამის შემდეგ დაემატა ახალი კორონავირუსით ინფიცირება, ის ადამიანების მდგომარეობას უფრო დაამძიმებს”, – აცხადებს რატიან “რუსთავი 2” – ის ეთერში.