ჭიათურის მაღაროსთან დაკავშირებული პროტესტის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს.
„მიმდინარე წლის 30 აპრილს, ჭიათურის მუნიციპალიტეტში, კოროხნალის, შუქრუთის, ითხვისის და დარკვეთის მაღაროებში არსებული მდგომარეობის შესწავლის მიზნით, „ჯორჯიან მანგანეზის“ შვილობილი კომპანიის, შპს „ჭიათურა მენეჯმენტ კომპანის“ წარმომადგენლები, შესაბამისი მიმართულების სპეციალისტებთან ერთად მონიტორინგს განახორციელებენ.
როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, ბოლო დროს, ჭიათურის მუნიციპალიტეტში მაღაროებში დასაქმებულ თანამშრომელთა ნაწილი გამოხატავს პროტესტს, აქედან გამომდინარე, ადგილზე მართლწესრიგისა და უსაფრთხოების დაცვის მიზნით, მობილიზებულნი იქნებიან შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი დანაყოფების თანამშრომლები.
მოვუწოდებთ პროტესტის გამომხატველებს, არ დაარღვიონ კანონი.
კანონდარღვევის თითოეულ ფაქტს, პოლიციის მხრიდან შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება მოჰყვება“, – აღნიშნულია განცხადებაში.
შეგახსენებთ, გუშინ 4 მაღაროელი დააკავეს. ამის შესახებ წაიკითხეთ ბმულზე.