90-იანი წლების შემდეგ, ძალიან ბევრი მიფიქრია ზვიად გამსახურდიაზე ხიბულაში, დიახ, მე მაქვს გარკვეული თვითიდენტიფიკაცია იმ გაგებით, რომ ყოველთვის ვცდილობდი ჩემი თავის წარმოდგენას მის ადგილას, – ამის შესახებ საქართველოს ექს-პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა „მთავარ არხთან“ ინტერვიუში აღნიშნა.
მიხეილ სააკაშვილის აღნიშნულ განცხადებას საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას შვილი გიორგი გამსახურდია “ტვიტერის” გვერდზე ეხმაურება:
„ძალიან ბევრს ფიქრობდა ზვიადზე, შემდეგ კი, ბუბას, დევისა და სხვა პუტჩისტებს საპარლამენტო სიაში სვამდა. ასევე, ჟორიკა ჰყავდა და ჰყავს გმირად, ირინა სარიშვილთან ერთად. ეს არის ფარსი, მიშა და შენდა სამწუხაროდ, ფარსია შენი ბუნებრივი მდგომარეობა“, – წერს გამსახურდია სოციალურ ქსელში.
მიხეილ სააკაშვილმა აღნიშნულ ინტერვიუში თქვა, რომ საზღვრის დემონსტრაციულად გადმოკვეთა არ გარისკა, რადგან როგორც თავად ამბობს, ამ შემთხვევაში იქნებოდა გასროლა, აფეთქება და მერე ყველაფრის მათ დაბრალდებოდა.
„იმიტომ არ გავრისკე, რომ ამ სცენარში ძალიან ადვილი იქნებოდა გასროლა, აფეთქება, ჟლეტა და მერე ყველაფრის ჩვენზე გადმობრალება. 90-იანი წლების შემდეგ, მე ძალიან ბევრი მიფიქრია ზვიადზე ხიბულაში. დიახ, მე მაქვს გარკვეული თვითიდენტიფიკაცია იმ გაგებით, რომ ყოველთვის ვცდილობდი ჩემი თავის წარმოდგენას მის ადგილას და ძალიან განვიცდიდი აი ამ მიტოვებულ, დამოუკიდებლობის მომტან პრეზიდენტს.
ჩემს ჩამოსვლასთან პირდაპირ პარალელს არ გავავლებდი. ჩამოვედი იმიტომ, რომ მსურდა წამოსვლა და სხვანაირად არ შემეძლო და მიმაჩნია, რომ ეს მართლაც არის კრიტიკული წერტილი ჩვენი ისტორიის“,- ამბობს მიხეილ სააკაშვილი.