ქუთაისთან ახლოს, ე.წ. ტაბახმელას ბაზარში ხმაური და დაპირისპირებაა. ადგილობრივი მედია “ინფო იმერეთის” ცნობით, მიმდინარეობს ბაზრის დალუქვა, რასაც ადმინისტრაცია და იქ მყოფი ადამიანები აპროტესტებენ. ადგილზე მობილიზებულია პოლიცია.
შეგახსენებთ, 24 მარტს შსს-მ იმერეთის რეგიონში „ქურდულ სამყაროსთან” კავშირში მყოფი 7 პირი დააკავა. როგორც უწყება აცხადებდა, “კანონიერი ქურდის“ ვ.კ.-ს (მეტსახელად “ვატია”) დავალებით, „ქურდული სამყაროს“ საქმიანობის მხარდამჭერმა ა.კ.-მ წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში გახსნა შპს „ტაბახმელა 2023“-ის აგრარული ბაზარი, რომლის ანალოგიური ბაზარი – შპს „ანი“ ფუნქციონირებდა ქუთაისში და რომელსაც ვერ უწევდნენ კონკურენციას:
“ბრალდებულებმა საკუთარი კრიმინალური გავლენების გამოყენებით, ფინანსური სარგებლის მისაღებად, გადაწყვიტეს ქუთაისში მდებარე აგრარული ბაზრიდან, შპს “ტაბახმელა 2023“-ის აგრარულ ბაზარში გადაეყვანათ დასაქმებულები, რის შედეგად ქუთაისში განთავსებული ბაზარი ვეღარ შეძლებდა ფუნქციონირებას, ხოლო შპს „ტაბახმელა 2023“-ის აგრარული ბაზრის საქმიანობიდან მიიღებდნენ დიდი ოდენობით შემოსავალს. ბრალდებულებმა „კანონიერი ქურდების“ სახელისა და მათი კრიმინალური გავლენების გამოყენებით, განზრახვა სისრულეში მოიყვანეს, რითაც შპს “ანის” ასიათასობით ლარის ზიანი მიადგა. გამოძიება, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 223-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით, 223-ე პრიმა მუხლის მეორე ნაწილით და 223-ე ტერცია მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს”, – ნათქვამი იყო შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.