16 დღეა, რაც სპეციალური სამსახურები აითაჯ მამედოვას ეძებენ. 20 წლის გოგონა ჯავახიშვილის უნივერსიტეტის სტუდენტია, სადაც ის გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ქესალოდან ყოველდღე დადიოდა. თუმცა სოფელში 1-ელი აპრილიდან აღარ დაბრუნებულა. როგორც გოგონას ბიძა ელშან იუსუპოვი ამბობს, აითაჯს კარგი ოჯახი აქვს, სადაც გაუჩინარება ვერაფრით აუხსნიათ. გოგონას ნათესავები მეტ ძალისხმევას მოითხოვენ გაუჩინარებულის მოძებნისათვის. რისთვისაც აქციის ჩატარებას გეგმავენ.
არაფერი ვიცით, რა მოხდა, რა დაემართა ჩვენს გოგოს და რატომ გაუჩინარდა, მაგრამ არანორმალურ ამბად გვეჩვენება, რომ ბავშვი 14 დღეა დაკარგულია და დღემდე მასზე არაფერი ვიცით.
აითაჯი კარგი გოგონაა, ჭკვიანი, თბილი, ოჯახის მოსიყვარულე. სამი ძმა და სამი და ჰყავს, გიჟდება თავის ოჯახზე, განსაკუთრებით, პატარა დაზე, მუდამ სახლისაკენ მოიჩქაროდა. 1-ელ აპრილს, შუადღისას, დედას დაურეკა: უნივერსიტეტში ჩემს კურსელს დაბადების დღე აქვს, ვზეიმობთ და ცოტა გვიან დავბრუნდები, არ შეგეშინდესო. დედას არ შეშინებია, აითაჯი ჭკვიანი ბავშვია, რატომ უნდა შეშინებოდა? მაგრამ საღამო ხანს, ალბათ 9 საათზე, დედამ ახალი მესიჯი მიიღო: დედა მიყვარხარ, თავს გაუფრთხილდიო. იმის შემდეგ აღარაფერი მოუწერია.
სახლში ყველაფერი იფიქრეს იმის გარდა, რომ შეიძლება აითაჯს რაიმე ცუდი მოსვლოდა. რეკავდნენ და ტელეფონს აღარ პასუხობდა. ეგონათ, მეორე დილას მაინც მოიწერდა და რომ აღარ მოიწერა, ძებნა დაიწყეს, პოლიციაში განაცხადეს. როგორც პოლიციამ დაადგინა, აითაჯის ჩანთა და ტელეფონი მტკვრის პირას იყო დატოვებული, მშვიდობის ხიდთან. მათ თქვეს, აითაჯს წყალში ვეძებთო.
აითაჯი დედასთან მეგობრობდა, ამბობდა ყველაფერში მხარში მიდგასო, დედას ხომ მაინც ეტყოდა, თუ ვინმე აშინებდა, დედამისმა არაფერი იცის და ამიტომ, პოლიციამ ხომ უნდა გამოიძიოს და ბავშვიც იპოვონ. ამიტომაც ვაპირებთ აქციის მოწყობას აზერბაიჯანის საელჩოსთან და პოლიციასთან, – განუცხადა კვირის პალიტრას ელშან იუსუპოვმა.