ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის საქართველოში ჩამოსვალასა და მის დაკავებას, ჟურნალისტი თამარ ჩერგოლეიშვილი “ფეისბუქის” პირად გვერდზე ეხმაურება:
“სრულიად გამორიცხული მეგონა, რომ სააკაშვილი საქართველოში თავისი ფეხით ჩამოვიდოდა. მისი წარსული ამის წარმოდგენას შეუძლებელს ხდიდა. სასიამოვნოდ გამაკვირვა იმით, რომ ამდენი გადაგდების შემდეგ, ძალა მოიკრიბა და გაბედა, მრცხვენოდა მის ნაცვლად.
ამას გარდა, რაც ზუსტად ვიცი ისაა, რომ ჩამოსვლა-არ ჩამოსვლის კლოუნადის დასრულება, ქართული დემოკრატიისთვის ცალსახად კარგია. ანუ კარგია რომ აქაა და აღარ ვიმარჩიელებთ.
ახლა მთავარია ყველა წავიდეთ არჩევნებზე – ისე მოვარყიოთ ივანიშვილი, რომ ვადამდელი დაინიშნოს.
სააკაშვილთან დაკავშირებით ჩემი აზრი ნათელზე ნათელია და არ შეცვლილა – პოპულისტია და პოპულიზმს საფრთხედ მივიჩნევ.
თუმცა ისიც ნათელია, რომ პოლიტიკური პატიმარია და უნდა გათავისუფლდეს.
P.S. ვერც ის წარმომედგინა, რომ სანდრას გაშორდებოდა,” – წერს ჩერგოლეიშვილი სოციალურ ქსელში.
ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილი რუსთავის მე-12 სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან წერილი გაავრცელა.
„ჩემო ძვირფასო თანამებრძოლებო და ჩემო სათაყვანებელი ქართულო საზოგადოებავ. როდესაც ყველაფერი მივატოვე კიევში და აქ ჩამოვედი, ვიცოდი, რომ დიდი ალბათობით დამაკავებდნენ სრულიად მოგონილი, ყალბი განაჩენებით, რომლებიც თავის დროზე, მათ შორის პუტინის დაკვეთით გამომიტანეს. მსოფლიოს არც ერთი ქვეყანა, რუსეთის გარდა ამ განაჩენებს არ აღიარებს. მაგრამ მე მაინც ჩამოვედი, ვინაიდან მჯერა ჩემი ქვეყნისა და თითოეული თქვენგანის! ძალიან მინდა გთხოვოთ, ხვალ ყველანი მივიდეთ არჩევნებზე, რათა არ დაიკარგოს არც ერთი ხმა და ამის შემდეგ ყველამ ერთად დავიცვათ რეფერენდუმის შედეგები. ჩემი თავისუფლება და რაც ათასჯერ უფრო მნიშვნელოვანია, საქართველოს თავისუფლება მთლიანად დამოკიდებულია თქვენს აქტიურობასა და ბრძოლისუნარიანობაზე უახლოეს დღეებში. ამაზეა ახლა დამოკიდებული საერთაშორისო მხარდაჭერა. გთხოვთ, არ შედრკეთ და ბოლომდე ვირწმუნოთ, რომ ჩვენი გამარჯვება ჩვენსავე ხელშია“, – წერს სააკაშვილი.
მიხეილ სააკაშვილი გუშინ დააკავეს. სააკაშვილი რუსთავში, სასჯელაღსრულების მეთორმეტე დაწესებულებაშია გადაყვანილი.
https://mix.metronome.ge/21882-2/