ე. წ. „აგენტების საწინააღმდეგო“ აქციებისას დაკავებული გიორგი ოკმელაშვილის საქმის შესახებ „საერთაშორისო გამჭვირვალობა“ განცხადებას ავრცელებს.
ანგარიშის თანახმად, ოკმელაშვილის „სისხლის სამართლის საქმე გამოძიებულია დაჩქარებულად, ფაქტობრივად სამ დღეში, გამოძიებას კი აწარმოებდა უპრეცედენტოდ ბევრი – 15 გამომძიებელი (ამ რაოდენობის გამომძიებელი, როგორც წესი, ჩართულია მრავალეპიზოდიანი ან/და ორგანიზებული დანაშაულის გამოძიების საქმეებში) და სამ დღეში ჩატარებულია 60-ზე მეტი საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება“.
„დაზარალებულმა“ პოლიციის თანამშრომელმა საგამოძიებო ორგანოს მის მიმართ განხორციელებული ძალადობის შესახებ აცნობა არა დაუყოვნებლივ, არამედ მეორე დღეს, 14 მაისს. პოლიციის თანამშრომელი წერილობითი განცხადებაში აღნიშნავს, რომ 13 მაისს, დილის საათებში, აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ იდაყვი დაარტყა სახის არეში.
„დაზარალებული“ პოლიციელის საგამოძიებო ორგანოსთვის მიმართვის დროისთვის საგამოძიებო ორგანოს უკვე ჩატარებული ჰქონდა არაერთი საგამოძიებო მოქმედება და გიორგი ოკმელაშვილის ფოტოები ამოცნობის მიზნით გაგზავნილი ჰქონდა შს სამინისტროს ყველა ტერიტორიულ ორგანოში“, – აღნიშნულია ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
შეგახსენებთ, სარეკლამო კომპანია „ლიმონის“ დამფუძნებელი, გიორგი ოკმელაშვილი შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმოებაში არსებული სისხლის სამართლის საქმის ფარგლებში, 2024 წლის 15 მაისს, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 353 – მუხლის პირველი ნაწილის ბრალდებით დააკავეს. მას 13 მაისს, საქართველოს პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე საპროტესტო აქციის მიმდინარეობისას პოლიციელზე თავდასხმას ედავებიან.
16 მაისს პროკურატურამ მას ბრალი წარუდგინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 353 მუხლის პირველი ნაწილისა (პოლიციელზე თავდასხმა პოლიციელის სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით) და 260-ე მუხლის პირველი ნაწილის (ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვის) ბრალდებით.
2025 წლის 3 თებერვალს, გიორგი ოკმელაშვილი ცნობილ იქნა დამნაშავედ სისხლის სამართლის კოდექსის 353 მუხლის პირველი ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად მიესაჯა 5 წლით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის პირველ ნაწილით გათვალისწინებული ბრალდება მას მოეხსნა საქმის სასამართლო განხილვის დროს, ,,ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე.
