მიხეილ სააკაშვილმა “ფეისბუქის” გვერდზე კიევი-თბილისის ბილეთის ჯავშანი გაასაჯაროვა. საქართველოს ექს- პრეზიდენტის თქმით, ბილეთი 2 ოქტომბრისთვის შეიძინა და 23:05 საათზე სამშობლოში იქნება.
აღნიშნულთან დაკავშირებით პოლიტოლოგმა ვახტანგ ძაბირაძემ ambebi.ge -თან ისაუბრა და აღნიშნა, რომ სააკაშვილმა საკუთარი განცხადებით “ქართული ოცნების“ ამომრჩევლის მობილიზება მოახდინა, ვიდრე “ნაციონალების“ და ამით პირდაპირ “დაარტყა” პატარა პარტიებს, პირველ რიგში კი – გიორგი გახარიას.
“სააკაშვილის ეს განცხადება და ბილეთის გასაჯაროვება მთლად “ნაცების” სასარგებლოდ არ მგონია იყოს, იმიტომ, რომ თუ მას ბილეთის გამოქვეყნებით განზრახული ჰქონდა, მობილიზება გაეკეთებინა “ნაცმოს” ამომრჩევლისთვის, მისი ამომრჩეველი ისედაც საკმაოდ მოტივირებული და მობილიზებულია. ვფიქრობ, ამ განცხადებით სააკაშვილმა, მისდა უნებურად, უფრო “ქართული ოცნების“ ამომრჩევლის მობილიზება მოახდინა და პირდაპირ დაარტყა პატარა დამოუკიდებელ პარტიებს, პირველ რიგში კი გახარიას. ეს იმდენად ცხადია, რომ ცოტა მიკვირს კიდეც, ისეთი პოლიტიკურად გამოცდილი გუნდისგან, როგორიც “ნაცმოა”, ამას როგორ ვერ ხედავს? “ქართული ოცნებისთვის“ 43% პრობლემატური გახდა, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც გახარია შემოვიდა პოლიტიკურ არენაზე.
თუ მაინც მოხდა ისე, რომ ჩამოვიდა, რაც ჩემთვის მცირე ალბათობაა, რა თქმა უნდა, “ქართულმა ოცნებამ“ უნდა აღასრულოს კანონი, სხვა შანსი მას არ ექნება. ამ შემთხვევაში შეიძლება საპროტესტო აქციები გაიმართოს, მაგრამ 1 თვე, მერე ყოველგვარი ძალდატანების გარეშე ეს აქციები დასრულდება, მიილევა ისე, როგორც არაერთხელ მილეულა, სულ ეს იქნება. და თუ სააკაშვილი არ დააპატიმრეს, ეს ნიშნავს იმას, რომ “ოცნება“ ძალაუფლებას თმობს.
ვინმეს თუ ჰგონია, რომ ეს ისეთივე პროცესია, რაც იყო მელიას დროს, ასე არ იქნება. მელიას დაპატიმრება მოჰყვა გარკვეულ პროცესს – საპროტესტო ტალღას, შესაბამისად, მისი დაპატიმრება აღქმული იყო, როგორც საპროტესტო აქციის და მისი ლიდერების წინააღმდეგ მიმართული აქტი. არც დასავლეთიდან და არც ხალხის მხრიდან არ მგონია მის დაკავებას დიდი პროტესტი მოჰყვეს. არანაირი მუხტი არ არის მოსახლეობაშიც, რომ პროტესტი ქუჩაში გადავიდეს. არის “ნაცმოს” გარკვეული პოლიტიკური აქტივი, რომელიც გამოვა ქუჩაში, მაგრამ ეს ხომ ამ 9 წლის განმავლობაში 900-ჯერ ვნახეთ? ამას მოსახლეობაში უნდა ჰქონდეს რეზონანსი, მაგრამ ჩანს, რომ არ აქვს და არ ექნება, ასეთი პროტესტისთვის საზოგადოება არ არის მომზადებული. პროტესტი ყველა ვარიანტში იქნება, მაგრამ თუ “ოცნება“ წესიერად და ჭკვიანურად გადადგამს ნაბიჯებს, ეს პროტესტი ისევე ჩაცხრება, როგორც სხვა დანარჩენი პროტესტი, იმიტომ, რომ პროტესტს მაშინ აქვს აზრი, როცა რუსთაველზე მყოფი ხალხის აზრს იზიარებს მოსახლეობის ის ნაწილი, რომელიც შინ ზის და ტელევიზორს უყურებს. როცა ეს თანხვედრა არ არის, გინდაც 100 ათასი ადამიანი გამოიყვანე, არ აქვს მნიშვნელობა,” – განუცხადა ambebi.ge – ს ვახტანგ ძაბირაძემ.
შეგახსენებთ, რომ 2 ოქტომბერს საქართველოში თვითმმართველობის არჩევნები იმართება, საარჩევნოდ სამშობლოში დაბრუნება მიხეილ სააკაშვილმა რამდენჯერმე დააანონსა.
https://mix.metronome.ge/21713-2/