როგორ უნდა ჩატარდეს ახალი საპარლამენტო არჩევნები – ოპოზიციის შეთანხმებული დოკუმენტი ფაქტობრივად მზადაა. მას რამდენიმე დღეში მეხუთე პრეზიდენტი გაასაჯაროებს.
ეკა ბესელია გვეუბნება, რომ კონსულტაციების შედეგად პოზიციები ფაქტობრივად შეჯერებულია. ყველა თანხმდება, რომ სამართლიანი არჩევნების ჩატარება კანონების შეცვლის გარეშე შესაძლებელია და მასზე თანხმობა “ქართულ ოცნებას” მაინც მოუწევს. სხვა შემთხვევაში პროტესტი გაგრძელდება და თვითმმართველობის არჩევნები ძირითადი პარტიების მონაწილეობის გარეშე ჩაივლის.
ოლიგარქის პარტია დათმობას ჯერ არ აპირებს. ახალი არჩევნების ჩატარების მზაობა ივანიშვილს არ აქვს. 7 თვეში კი კალენდარულად თვითმმართველობის არჩევნებია. პარტიებს ვკითხეთ, მას როგორ ხედავენ – შესაძლებლობას სისტემის დასამარცხებლად თუ შესვლას წინასწარ წაგებულ თამაშში. ერთი რამ ყველასთვის ცხადია – ახლა უმთავრესი ახალი საპარლამენტო არჩევნების ჩატარება და დაკავებულების გათავისუფლებაა.
ქართულ ოცნებას არჩევნებზე მარტო გასვლა ხელს არ აძლევს. თუ ივანიშვილის პარტია ახლა თავს იწონებს, რომ 26 ოქტომბრის არჩევნები კონკურენტუნარიანი იყო, მომდევნო არჩევნებში ამასაც ვეღარ იტყვის. ამიტომ როგორც მოსალოდნელი იყო, ოცნება პარტიებს თავს წინასწარვე დაესხა და ისინი ქვეყნის მტრებად გამოაცხადა.
ამ მოცემულობით, თუკი არაფერი შეიცვლება ადგილობრივ არჩევნებს უკიდურესად მცირე კონკურენციის პირობებში ჩაივლის. ჯერ არ ვიცით რას ფიქრობს გიორგი გახარია. ამ პარტიაში დღეს კომენტარი არ გაუკეთებიათ. გვითხრეს მხოლოდ ის, რომ გადაწყვეტილებას ამომრჩევლებთან ერთად და დამოუკიდებლად მიიღებენ.