„სახლი დაგვეწვა, გზა არ იყო, რომ სახანძრო მოსულიყო, ღია ცის ქვეშ დავრჩით,“ – ყვება მოქალაქე უშანგი მაჭუტაძე ორთაბათუმიდან გამოცემა “ბათუმელებთან” საუბრისას და ამბობს, რომ მისი სახლი გუშინ, 26 თებერვალს დაიწვა.
„სავარაუდოდ დენის სადენებს გაუჩნდა ცეცხლი, ძლივს მოვასწარით სახლიდან გამოსვლა, ვერაფრის გადარჩენა ვერ მოვასწარით.
შვიდსულიანი ოჯახი ვართ, 2 პატარა ბავშვი გვყავს, ბაბუა 88 წლის… არავინ არ მოსულა, არ უკითხავს ჩვენი ამბავი, არც მერიიდან მოსულა ვინმე. მოვიდნენ მაშველები და მოგვეხმარნენ, მაგრამ სახანძრო ვერ ამოვიდა. თოვლი ახლაც მეტრ-ნახევარია ყველაზე ცოტა.
ბიძაშვილს შევაფარეთ თავი, ყველაფერი გვჭირდება: ტანსაცმელი, საჭმელი…,“ – გვითხრა უშანგი მაჭუტაძემ.
სოფელ ორთაბათუმში(ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტი) გზა დღესაც არაა გაწმენდილი.
