გიორგი გახარიაზე თავდასხმის ირგვლივ სიმართლის დადგენის ხელშეწყობის ნაცვლად, „შერატონ-ბათუმი“ რეჟიმთან ერთად იმ აქტივისტებს დევნის, რომლებმაც თავდასხმაში და შემდგომ მტკიცებულებების განადგურება-გადამალვაში „შერატონ-ბათუმის“ თანამონაწილეობა გააპროტესტეს, – ამის შესახებ განცხადებას პარტია „გახარია საქართველოსთვის“ ავრცელებს.
როგორც განცხადებაშია აღნიშნული, „შერატონ ბათუმმა“ პარტიის ლიდერზე სასტუმროში თავდასხმისთვის ხელსაყრელი ყველანაირი პირობა შექმნა.
„სასტუმროს შეტყობინების საფუძველზე, რეჟიმმა „შერატონ-ბათუმთან“ გამოხატული მშვიდობიანი პროტესტისთვის აქტივისტების დაბარება დაიწყო.
„შერატონ-ბათუმმა“, რომელსაც თავდასხმაზე პოლიცია არ გამოუძახია, მყისიერად მხოლოდ მაშინ იმოქმედა და გამოიძახა პოლიცია, როცა აქტივისტებმა მშვიდობიანად გააპროტესტეს სასტუმროს უკანონო ქმედებები.
საზოგადოებას შევახსენებთ, „შერატონ ბათუმმა“ ჯერ სასტუმროში შექმნა თავდასხმისთვის ხელსაყრელი ყველანაირი პირობა (პერსონალისგან დაცალა სასტუმროს ლობი და არ გამოიძახა პოლიცია), შემდეგ გაანადგურა შემთხვევის ადგილზე არსებული მატერიალური მტკიცებულებები და რეჟიმთან ურთიერთკოორდინაციით ხელი შეუწყო მთავარი მტკიცებულების – კამერების ჩანაწერების გადამალვას“, – ნათქვამია პარტიის განცხადებაში.