სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, 14 წლის გოგონას მიმართ ჩადენილი გარყვნილი ქმედების ფაქტზე, 40 წლის კაცი დააკავეს.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული ინტერნეტ სივრცეში, სოციალური ქსელების, მათ შორის, Facebook-ის ყალბი გვერდების გამოყენებით, 13 და 14 წლის არასრულწლოვან გოგონებს უკავშირდებოდა, ეცნობოდა მათ სხვადასხვა სახელით, უმალავდა საკუთარ ასაკსა და ვინაობას.
“ბრალდებული არასრულწოვნებთან სექსუალური შინაარსის მიმოწერებს ახორციელებდა და პორნოგრაფიული შინაარსის ფოტო-ვიდეო მასალას უგზავნიდა. ჩატარდა პედოფილიაში მხილებული ბრალდებულის პირადი ჩხრეკა, ასევე, მის სარგებლობაში არსებული ავტომანქანის და საცხოვრებელი ბინის ჩხრეკა. მტკიცებულების სახით ამოღებული იქნა ბრალდებულის მობილური ტელეფონები და ელექტრონული ინფორმაციის შესანახი სხვა ობიექტები. გამოძიების მიერ აღნიშნული მასალების შესწავლის შედეგად, ბრალდებულის ტელეფონში ნანახი იქნა ათამდე Facebook-ის და Instagram-ის ყალბი გვერდი, რომლის გამოყენებითაც ასეულობით პირთან, მათ შორის არასრულწლოვნებთან განხორციელებული აქვს კომუნიკაცია. გარდა ამისა, ნანახი იქნა პორნოგრაფიული და პირადი ცხოვრების ამსახველი ფოტო და ვიდეო მასალა, რომელსაც ბრალდებული წლების განმავლობაში უკანონოდ მოიპოვებდა. დანაშაული 5-დან 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს”, – წერია ინფორმაციაში.