მსოფლიოში ყველაზე დიდი აისბერგი, რომელიც ცნობილია როგორც A23a, დაშლას იწყებს. იგი 30 წელზე მეტი ხნის განმავლობაში უედელის ზღვის ცენტრალურ ნაწილში იმყოფებოდა. თუმცა, 2023 წლის გაზაფხულზე, როდესაც ანტარქტიდაში ზამთარი იყო, აისბერგმა ყინულის კიდეებისკენ აქტიური მოძრაობა დაიწყო.
აისბერგი იწონის დაახლოებით ერთ ტრილიონ ტონას – 100 მილიონჯერ უფრო მძიმე ვიდრე ეიფელის კოშკი და მოძრაობს დღეში დაახლოებით 30 მილის სიჩქარით.
4 000 კვადრატული კილომეტრის ფართობისა და დაახლოებით 400 მეტრის სისქის, ქალაქის ზომის აისბერგი A23a 1986 წლის აგვისტოში გაჩნდა. ეს მაშინ, როდესაც ანტარქტიდის სანაპირო ზოლს გამოეყო. მცურავი ყინულის უზარმაზარი ნაჭერი მალევე მეჩეჩს (ფსკერის მცირესიღრმიანი უბანი, რომელიც ნაპირისგან გამოყოფილია ღრმა წყლით) წამოედო და უედელის ზღვაში დარჩა.
ექსპერტები შიშობენ, რომ აისბერგი, შესაძლოა, კვლავ წამოედოს მეჩეჩს კუნძულ სამხრეთ ჯორჯიასთან, რაც საფრთხეს შეუქმნის ანტარქტიდის ველურ ბუნებას. ამ ტერიტორიაზე ბინადრობს მილიონობით ზღვის ლომი, პინგვინი, მრავალნაირი ზღვის ფრინველი. მათ შესაძლოა საკვების მოპოვების პრობლემა შეექმნათ.
თუ ის კიდევ უფრო დაიშლება, გაცილებით ნაკლებ საფრთხეს შეუქმნის ველურ ბუნებას, რადგან ცხოველებს შეუძლიათ მანევრირება მცირე ნაწილებს შორის.
დოქტორი ენდრიუ მეიჯერსი, BAS-ის ოკეანოგრაფი ამბობს: “ამაღელვებელია, რომ ნახოთ ის კვლავ მოძრაობაში, გაჭედვის შემდეგ. ჩვენ გვაინტერესებს, გაივლის თუ არა ის იმავე მარშრუტს, რომელიც გაიარეს სხვა დიდმა აისბერგებმა, რომლებიც ანტარქტიდას ჩამოშორდნენ”.
უედელის ზღვის აისბერგების უმეტესობის მსგავსად, მოსალოდნელია, რომ A23a ანტარქტიდის ცირპოლარული დინებასთან ერთად გადაინაცვლებს და საბოლოოდ სამხრეთ ატლანტის ოკეანეში აღმოჩნდება. საბოლოოდ, ისევე როგორც ყველა აისბერგი, ის დადნება.