დღეს სოციალურ ქსელში გავრცელდა კადრები, რომლებიც ასახავს, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტის გადახდის აპარატებიდან ყველასთვის ცნობილი პოლიტიკური განცხადებები ისმის.
ამასთან დაკავშირებით, თბილისის მერიის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტომ სოციალურ ქსელში განცხადება გაავრცელა.
„სავარაუდო კიბერშეტევის გამო, საზოგადოებრივ ტრანსპორტში სამგზავრო გადახდის სისტემა დროებით გაითიშება.
საზოგადოებრივ ტრანსპორტში დამონტაჟებულ აპარატებზე, რომელთა ტექნიკურ მხარდაჭერას „საქართველოს ბანკის“ კონტრაქტორი კომპანიები – შპს „მს+“ და შპს „აზრი“ ახორციელებენ, ხარვეზი ფიქსირდება და აუდიო ჩანაწერი ირთვება.
პრობლემის აღმოსაფხვრელად, შესაბამისი კომპანიების წარმომადგენლებმა ოპერატიულად დაიწყეს მუშაობა. აპარატები უახლოეს პერიოდში, ხარვეზის გამოსწორებისთანავე ჩაირთვება.
აღნიშნული პერიოდის განმავლობაში, ტრანსპორტი მგზავრებს გადახდის გარეშე მოემსახურება“, – აღნიშნულია განცხადებაში.