დღეიდან მოქალაქეები სასურველი კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინით მათთვის მოსახერხებელ ლოკაციაზე, სპეციალურად მოწყობილ ვაქცინაციის მოძრავ პუნქტებში აიცრებიან.
იმუნიზაციაზე ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით, ჯანდაცვის სამინისტრომ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიასთან ერთად ახალი პროექტი დაიწყო.
აღნიშნულ ინფორმაციას ალერგოლოგ-იმუნოლოგი ბიძინა კულუმბეგოვი “ფეისბუქის” პირად გვერდზე ეხმაურება:
“ძალიან კარგი სიახლე!
ბევრი მობილური აცრის ბრიგადა გვჭირდება, რადგან ბევრ დაბაში და სოფელში მისვლა გვჭირდება!” – წერს კულუმბეგობის სოციალურ ქსელში.
აღნიშნული პროექტის ფარგლებში, სამგზავრო ავტობუსებში ვაქცინაციის სივრცე მოეწყო და რესპუბლიკური საავადმყოფოს ამცრელი ბრიგადები, ვაქცინაციას დადგენილი წესის მიხედვით უზრუნველყოფენ.
ვაქცინაციის მოძრავი პუნქტები ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ ქ.თბილისის მერ კახა კალაძესთან ერთად მოინახულა.
დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ვაქცინაციის მოძრავ პუნქტში დღეიდან მოქალაქეები სერვისს წინასწარი რეგისტრაციის გარეშე მიიღებენ.
იმუნიზაცია მოქალაქისთვის სასურველი ვაქცინით იქნება შესაძლებელი.
მუნიციპალურ ტრანსპორტშივე იქნება მოწყობილი შემდგომი დაკვირვების სივრცეც.
ვარკეთილი, გლდანი და სადგურის მოედანი – დღეიდან, იმუნიზაციის პროცესი სწორედ ამ უბნებიდან დაიწყება.
ვაქცინაციისთვის განკუთვნილი ახალი მომსახურება მსოფლიო ბანკის ჩოვიდ-19 წინააღმდეგ სწრაფი რეაგირების პროექტის ხელშეწყობით ხორციელდება.