კოალიცია ”ძლიერი საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერი აქციაზე ნაცემ სხვა მოქალაქეებს ურჩევს, არ ენდონ დიაგნოზებს, რომელსაც “ვივა-მედი” გასცემს.
ალეკო ელისაშვილმა სოციალურ ქსელში სამედიცინო დასკვნა გუშინ გამოაქვეყნა და დაწერა, რომ დაკავების შემდეგ ჩატარებული გამოკვლევების შედეგად კლინიკა „ვივამედში” უთხრეს, რომ სხეულზე მხოლოდ დაჟეჟილობები აღენიშნებოდა, თუმცა10 იანვარს გადაღებული ტომოგრაფიით დაადგინა, რომ ნეკნი ჰქონია მოტეხილი.
ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ამბობს, რომ ექიმთან ხელახალ გამოკვლევაზე წასვლა მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც მისი თქმით, ტკივილი კი არ შემუსბუქდა, არამედ პირიქით, განგრძობით ხასიათი მიიღო- ინფორმაციას “ტვ პირველი” ავრცელებს.
პოლიტიკოსის თქმით, სხვა კლინიკაში ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა: “მოტეხილი მაქვს მეხუთე ნეკნი ერთი თვის წინ და ნერვი მაქვს შიგნით ჩაყოლილი”:
“ვეუბნებოდი, რომ დიდი ალბათობით ნეკნი მაქვს მოტეხილითაო, რადგან მანამდეც მომტეხეს და იგივე ტკივილები მქონდა. ვივა მედში გამოკვლევები ჩამიტარეს და არაფერი არ გჭირსო, ოდნავ გაქვს დაჟეჟილია, კი მიკვირდა, მაგრამ წამოვედი. თვე ნახევარი გავიდა მაგის შემდეგ, არ მიყვარს ეს საავადმყოფოები რენტგენები და ასშ. ისე მომიმატე ტკივილმა ისე, რომ გუშინ წავედი “ამერიკულ ჰოსპიტალში” ტომოგრაფია გადავიღე და თურმე მოტეხილი მაქვს მეხუთე ნეკნი ერთი თვის წინ და ნერვი მაქვს შიგნით ჩაყოლილი. დიაგნოზი დამალეს. ყველა, ვინც ნაცემია, მოვუწოდებ, (ვისაც დიაგნოზი ვივა-მედმმა მისცა), ყველამ უნდა გადაამოწმოს, იმიტომ რომ მოიტყუეს, დამიმალეს, რომ ეს ამბავი არ გამძაფრებულიყო და გამიმეტა. კი არ არის ეს სასიკვდილო, მაგრამ დავიტანჯე – არც დღე მძინავს, არც ღამე მძინავს, ვერც ვბრუნდები. ვარჯიში ვცადე და კინაღამ მოვკვდი ტკივილისგან. “ვივა-მედს” იმ ექიმს არ მოვასვენებ, სულ ეს ხელისუფლება ხომ არ იქნება?! – იმას ლიცენზია უნდა ჩამოერთვას და ეს საზიზღარი საავადმყოფო უნდა დაიხუროს. ესენი არიან ნაძირალები, რეჟიმის გამპრავლებლები. თეთრხალათიანი ჯალათები. ხელი, რომ დაეფარებინათ კი სცემეს, მაგრამ დიდი არაფერი არ ყოფილა”, – ამბობს ალეკო ელისაშვილი.
პოლიტიკოსის ბრალდებებს “ვივა-მედის” კლინიკური დირექტორი ზურაბ ჩხაიძე გამოეხმაურა. მედიკოსმა ელისშვილის ბრალდებებს “ბოდვა” უწოდა.
“ჩვენთან ჩატარდა აუცილებელი კვლევა, რაც იყო აუცილებელი და დიაგნოზი იქნა დასმული. მწვავე ტრავმა, მოტეხილობა ან დაზიანება ძვლოვანი სისტემის არ აღენიშნებოდა. იქ საუბარი იყო ძველ ტრავმაზე, იყო ცვლილება, მაგრამ იყო ადრინდელი სავარაუდოდ არა მწვავე ტრავმა. ჩვენთან,როდესაც შემოვიდა ჩვენთან იქნა ეს კორძი ნანახი. ეს ნიშნავს, რომ ეს იყო ადრე მიღებული ტრავმის შედეგი. კორძი არის, როდესაც მოტეხილობა არის და უკვე ვითარდება ძვლოვანი ქსოვილი და მიდის შეერთებისკენ. არ მინდა ვიღაცის ბოდვებზე კომენტარი მაკეთებინოთ, ბოდვაა”, – ამბობს ზურა ჩხაიძე.