ზაალ კოკაია ადასტურებს, რომ ტექნიკური მთავრობის პრემიერ-მინისტრის პოსტზე მისი კანდიდატურა განიხილებოდა – განცხადება ლუნდის ღეროვანი უჯრედების ცენტრის ერთ-ერთმა დამფუძნებელმა “ტვ პირველის” “დღის ამბებში” გააკეთა.
ჟურნალისტ დიანა ტრაპაიძის კითხვაზე, სალომე ზურაბიშვილის მიერ ინიციირებული „ქართული ქარტიის“ ფარგლებში განიხილებოდა თუ არა მისი პრემიერ-მინისტრის კანდიდატად დასახელება, ზაალ კოკაია ამბობს: “იყო ამაზე ლაპარაკი, მაგრამ ეს ოფიციალურად არასდროს ყოფილა”.
მეცნიერი აცხადებს, რომ ახლა ამ საკითხზე აქტუალური ახალი არჩევნების დანიშვნაა:
“მგონია, რომ ეს საკითხი ახლა აქტუალურად არ დგას დღის წესრიგში. უფრო აქტუალურია ახალი არჩევნების დანიშვნა. კონტექსტი გარკვეულწილად შეიცვალა. როგორ და რა ფორმატით წარიმართება არჩევნები, ალბათ ეს განსაზღვრავს როგორი იქნება შემდეგი ეტაპები პოლიტიკური ცხოვრების და პროცესები როგორი ფორმით განვითარდება”- ამბობს კოკაია.
კიდევ ერთ დამაზუსტებელ შეკითხვაზე, ხელახალი არჩევნების ჩატარების შემთხვევაში, ისევ დადგება თუ არა მისი პრემიერ-მინისტრად დასახელების საკითხი დღის წესრიგში მეცნიერი აღნიშნავს, რომ “არ იცის”.
“არ ვიცი, გააჩნია, რა ფორმატით იქნება. თუ გახსოვთ, თავის დროზე, იდეა იყო, შექმნილიყო დროებითი, ტექნიკური მთავრობა, რომლის მოვალეობაც იმ კანონების უარყოფა იქნებოდა, რომელიც ბოლო დროს “ოცნების” მიერ იქნა მიღებული.
ასევე საუბარი იყო იმ საკანონმდებლო სტრუქტურის ცვლილებაზე, რომელიც უზრუნველყოფდა თავისუფალ და სამართლიან არჩევნებს და შემდეგ ახალი არჩევნების შედეგად, კონკურენციისა და თავისუფალი არჩევნების პირობებში შექმნილიყო პირობები, რომელიც უზრუნველყოფდა ახალი მთავრობის შექმნას. ეს იყო მთავარი ამოცანა და ასევე, უდავოდ, პარალელურად საქართველოს დაბრუნება ევროკავშირის გზაზე – იმ 9 პუნქტის შესრულება, რომელიც უზრუნველყოფდა ქვეყნის გაწევრიანებისკენ სვლას და არა პირიქით, მის შეჩერებას ოთხი წლით”- განაცხადა მეცნიერმა.
წყარო: tv pirveli