“არჩევნების დღეს კახეთში ჩვენი დამკვირვებლების მანქანა კუნთმაგარი კაცების ჯგუფმა გაანადგურა,” – წერია ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის (PACE) მოხსენებაში, რომელიც საქართველოში ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების დაკვირვებას ასახავს.
PACE ზამთრის სესიაზე, 25 იანვარს, განიხილავს საქართველოში საპარლამენტო არჩევნებზე დაკვირვების ანგარიშს.
“სიღნაღის რაიონის სოფელ ბოდბეში მდებარე საარჩევნო უბანზე ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის გუნდის დაკვირვების დროს მიუღებელი ინციდენტი მოხდა. საარჩევნო უბნის გარეთ, გუნდის მანქანა მიზანმიმართულად გაანადგურა დაახლოებით 40 კუნთმაგარი და არამეგობრული ადამიანის ჯგუფმა. დახვრეტილ იქნა საბურავები. შემდეგ უკვე დაზიანებული მანქანისთვის ძველი ავტომობილის განზრახ დაჯახებით, დამნაშავეები ცდილობდნენ, დაზიანება ავარიის შედეგად წარმოეჩინათ,” – ნათქვამია ანგარიშში.
მოხსენება 28 ნოემბერს მომზადებულია იულიან ბულაის (რუმინეთი, ALDE) მიერ, რომელიც ხელმძღვანელობდა ასამბლეის 32-კაციან, მრავალპარტიულ სადამკვირვებლო დელეგაციას 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე.
ანგარიში კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების ოფიციალურ შედეგებს.
დოკუმენტის თანახმად, საარჩევნო პროცესის სამართლიანობა და მისი შედეგების ლეგიტიმურობა ეჭვქვეშ დააყენა ისეთმა საკითხებმა, როგორიცაა:
- კენჭისყრის ფარულობის დარღვევა, რაც დაფიქსირდა საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიის მიერ მონახულებული საარჩევნო უბნების თითქმის მეოთხედში;
- სახელმწიფო ინსტიტუტების პოლიტიზება;
- ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება მმართველი პარტიის სასარგებლოდ;
- ფართოდ გავრცელებული დაშინება და ზეწოლა აქტივისტებსა და ამომრჩევლებზე;
- „დიდი ძმა გითვალთვალებს“ ატმოსფერო საარჩევნო უბნებზე, რაც გამოიხატა მმართველი პარტიის მიერ კამერების დამონტაჟებაში;
- დემოკრატიული უკანდახევა ბოლოდროინდელი კანონმდებლობებით.