აქციების მიმდინარეობასთან ერთად სოციალურ ქსელსა და საზოგადოებაში დაიწყეს საუბარი იმასთან დაკავშირებით, რომ მართველი პარტია დეკემბრის ბოლოს საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებას აპირებს. როგორ მოხდება ეს და რა არის საგანგებო მდგომარეობა ვახუშტი მენაბდე თავის სოციალურ ქსელში საუბრობს.
“საგანგებო მდგომარეობაზე
მოკლედ: საგანგებო მდგომარეობას აცხადებს პრეზიდენტი (პრემიერისა და პარლამენტის მონაწილეობით).
ვრცლად:
1. საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება ოთხსაფეხურიანია. ა. პრემიერი პრეზიდენტს უკეთებს წარდგინებას საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების შესახებ; ბ. თუ პრეზიდენტი ეთანხმება ამ წინადადებას, აცხადებს საგანგებო მდგომარეობას; გ. შემდეგ პრემიერი თანახელმოწერით ადასტურებს მას; დ. საგანგებო მდგომარეობას საბოლოოდ პარლამენტი ამტკიცებს აბსოლუტური უმრავლესობით, ანუ 76 ხმით. თუ აქედან რომელიმე რგოლი უარს იტყვის, საგანგებო მდგომარეობა არ გამოცხადდება;
2. საგანგებო მდგომარეობა შეიძლება გამოცხადდეს ქვეყნის მთელს ტერიტორიაზე ან მის ნაწილში;
3. საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებას რამდენიმე მიზეზი აქვს. ყველა დაკავშირებულია იმასთან, რომ ამ დროს “ხელისუფლების ორგანოები მოკლებულნი არიან კონსტიტუციურ უფლებამოსილებათა ნორმალური განხორციელების შესაძლებლობას”. მიზეზებს შორის არის “მასობრივი არეულობაც”.
4. საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებასთან ან მის მართვასთან თავდაცვის ძალები (ჯარი) აუცილებელ კავშირში არ არის. თუ საჭირო გახდა მისი გამოყენება, ამას სჭირდება პრეზიდენტის, პრემიერისა და პარლამენტის შეთანხმება;
5. საგანგებო მდგომარეობის დროს პრეზიდენტს უფლება აქვს გამოსცეს დეკრეტი, რომელსაც სჭირდება პრემიერის თანახელმოწერა და პარლამენტის აბსოლუტური უმრავლესობის თანხმობა. დეკრეტით შეიძლება შეიზღუდოს ადამიანის ზოგიერთი უფლება, მათ შორის: გამოხატვის, გადაადგილების და შეკრების უფლებები.
სანამ სალომეა პრეზიდენტი რეჟიმი საგანგებო მდგომარეობას ვერ გამოაცხადებს. ოცნება ყაველაშვილს ფიცს, სავარაუდოდ, 29 დეკემბერს დაადებინებს და გამოცხადებს პრეზიდენტად.” – აღნიშნავს ვახუშტი მენაბდე
