„რანაირად შეიძლება დამაკმაყოფილებელი იყოს [მათი პასუხები], როდესაც არაფერი არ არის გარკვეული და მე მგონი, არც აპირებენ, ჩემი აზრით, თვითონ არ აქვთ ინტერესი გამოიძიონ“, – ამის შესახებ „ტვ პირველის“ ეთერში, ძალოვანი სტრუქტურების ხელმძღვანელების მხრიდან გაკეთებულ განცხადებებზე საუბრისას, პოლიციელების მიერ სასტიკად ნაცემი, ზვიად მაისაშვილის დედამ, ელენე ჯანჯალიამ განაცხადა.
23 წლის ზვიად მაისაშვილს პოლიცია ფიზიკურად 30 ნოემბრის აქციაზე გაუსწორდა. ვიდეოკადრებში ჩანს, როგორ ურტყამს ფეხებს, სპეცდანიშნულების რაზმის წევრი ტროტუარზე დაგდებულს ახალგაზრდა ბიჭს.
ოგორც მაისაშვილის დედა ამბობს, ზვიადი ამ ეტაპზე სახლში განაგრძობს მკურნალობას, მისი მეორე შვილი კი ექვსდღიან პატიმრობაშია.
„ღმერთის წყალობით, არ ვიცი, როგორ, რანაირად, მაგრამ ასეთი ძალადობის შემდეგ ზვიადი უკეთ არის, სახლში აგრძელებს მკურნალობას. აქვს თავის ძლიერი ტრავმა, შერყევა, სახის დაზიანებები, ცხვირის მოტეხილობა, მაგრამ ღმერთის წყალობით გადარჩა. ცოცხალია, მადლობა ღმერთს…
მეორე ბიჭი, გიორგი, დაკავებულია 6 დღით, ქუთაისშია განმწესებული, პარასკევს უწევს გამოსვლა.
როგორც სასამართლოზე ვნახე, [გიორგის] თვალის აქვს დალურჯებული, ჩასისხლიანებული, იმ კადრებში, სადაც ზვიადი გდია და წიხლებს ურტყამენ, იმ კადრებშივე ჩანს ჩემი უფროსი ვაჟი, გიორგი, იქვე როგორ სცემს პოლიცია და სახეში მუშტს არტყამს და მერე მიათრევენ გათიშულს, ორივე ჩანს კადრში…
საავადმყოფოში არ წაუყვანიათ [გიორგი], როგორც ჩანს, იქვე ადგილობრივად უმკურნალეს, ვიცი, რომ ქუთაისში ნორმალურ მდგომარეობაშია, პარასკევს უწევს გამოსვლა
იმ პოლიციელებსაც ხომ მშობლები ჰყავთ?! არა მგონია, მათი მშობლები მშვიდად იყვნენ, რადგან თავიანთი შვილები ესეთ დანაშაულს სჩადიან…
პოლიციისგან ვერანაირ დაცვას ვერ ვგრძნობთ, პირიქით, ახლოს რომ მიუახლოვდები, როდის შეგითრევს იმ კორდონში არ იცი…“, – განაცხადა ძმები მაისაშვილების დედამ.