პარლამენტარი, რომან გოცირიძე სოციალურ ქსელში პოსტს ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ.
“ცოტა რამ ოპოზიციონერი “ექსპერტების” გასაგონად:
მთელი თვის განმავლობაში ემსახურებოდით “ქართულ ოცნებას” არაკომპეტენტური განცხადებებით და ოპოზიციური მედიაც სიამოვნებით ავრცელებდა ამ სიცრუეს და ხელისუფლების წინასაარჩევნო კამპანიაზე ასხამდა წყალს.
მთელი თვის განმავლობაში ამბობდით, რომ ეროვნულმა ბანკმა გაყიდა 213 მილიონი დოლარი აუქციონის გზით და არ ამბობდით ან არ იცოდით, რომ ეროვნული ბანკი მეორე გზით, ფაქტობრივად ფარულად ეწეოდა ინტერვენციებს.
სინამდვილეში სექტემბერ-ოქტომბრის თვეში ეროვნულმა ბანკმა გაყიდა 730 მილიონი დოლარი, რასაც გუშინ გამოქვეყნებული რეზერვების სტატისტიკაც ადასტურებს ირიბად და რასაც 25 ნოემბერს უკვე ოფიციალურად გაასაჯაროებს ეროვნული ბანკი.
ნაცვლად იმისა, რომ ეთქვათ, არ იციან ე. წ. ბიმატჩის პლატფორმით რამდენი გაიყიდა (თუმცა ანალიტიკა იმიტომ არსებობს, რომ მიახლოებითი რიცხვები მაინც გამოეყვანათ), საერთოდ გვერდს უვლიდნენ ამ ფაქტს.
ახლა უკვე მოთქვამენ, უი, რა მომხდარა, ქვეყნის რეზერვები გაანადგურესო. ეს არჩევნებამდე უნდა გეთქვათ.
ეს შენიშვნა ეხება “ფიტჩსაც” და “გალტ ენდ თაგარტსაც”. ეს უკანასკნელი ვერც კი ამჩნევდა რეზერვების საგანგაშო ოდენობით კლებას და ოპტიმისტურ სურათს ხატავდა წინასაარჩევნო პერიოდში“– წერს რომან გოცირიძე.