საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვილი სანიოლმა ნოემბრის სანაკრებო მატჩების წინ ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხა.
ტაქტიკაზე: “ბოლო 2-3 წელია იდენტური სათამაშო ტაქტიკა გვაქვს. გარემოებებიდან გამომდინარე ალბანეთთან გამონაკლისი იყო, თუმცა ეს მიზანშეწონილად არ მიმაჩნია, გუნდისთვის არაა კარგი. ნოემბერში ჩვენს სქემას დავუბრუნდებით”
დაცვის ხაზზე: “ვიცით, რომ დაცვის ხაზში არიან ასაკიანი ფეხბურთელები, რის გამოც წარსულში არაერთი ახალგაზრდა მცველი გამოვცადეთ. ახლა საბა გოგლიჩიძე გვყავს, რომელსაც საოცარი პროგრესი აქვს. ის ერთ თამაშს მაინც დაიწყებს სასტარტოდან ნოემბრის მატჩებში”.
ფრანგულ დერბიზე: “ლიონი-სენტ ეტიენი ისტორიული დაპირისპირებაა. ჩვენს ორივე ბიჭსს წარმატებები, მაგრამ ამ თამაშში სენტ-ეტიენისკენ ვარ. ზურიკომ ბოლო პერიოდია ძალიან მოუმატა, ეს მხოლოდ გოლებს არ ეხება. იმედია, მიქაუტაძეს მიიღებს სათამაშო დროს. გვჭირდება, რომ თავდაჯერებული იყოს, რადგან ჩვენი ერთ-ერთი ლიდერია”.
კვეკვესკირსა და მექვაბიშვილზე: “ორივე ფეხბურთელი ყოველთვის ჩვენი გუნდის ნაწილი იყო, უბრალოდ წინა შეკრებების დროს მათ სხვა პრობლემები ჰქონდათ, ტრავმისა და სათამაშო პრაქტიკის. კვეკვესკირის როლი როგორც მოედანზე, ასევე გასახდელში ჩვენთვის უმნიშვნელოვანესია”.
საქართველოს ნაკრები 16 ნოემბერს საკუთარ მოედანზე უკრაინას, ხოლო 19 ნოემბერს ჩეხეთს სტუმრად დაუპირისპირდება.