“თბილისი ენერჯის” ტექნიკური დირექტორის მოადგილე, გიორგი ლეფსვერიძე უსაფრთხოების წესებზე საუბრობს და ხალხს რეკომენდაციებს უზიარებს:
“გათბობის ჩართვის სეზონი დაიწყო. პირველი, რასაც უკვე მრავალი წელია, ვაჟღერებთ, სანამ გათბობას ჩავრთავთ, გაჟონვაზე კარგად უნდა იყოს შემოწმებული. ყველა ჩვენს აბონენტს შემიძლია, შევთავაზო მომსახურება, რომელიც სრულიად უფასოა. თუ მათ აინტერესებთ, რა მდგომარეობაშია ამ მომენტში გამათბობლები, გაზის ქსელი, შეუძლიათ, დარეკონ 2 40 40 04, მოითხოვონ შემოწმება, ჩვენი ბრიგადები მაქსიმუმ 1-2 დღის განმავლობაში ადგილზე მივლენ, მათ ქსელს, დანადგარების მდგომარეობას შეამოწმებენ, მისცემენ შესაბამის რეკომენდაციებს და მერე თავისუფლად შეეძლებათ, კონკრეტული გამათბობლები გამოიყენონ. კიდევ ერთხელ აღვნიშნავ, ეს მომსახურება სრულიად უფასოა. ყველაფერს შევამოწმებთ – რამდენად სწორადაა დანადგარი დაყენებული, ხომ არ ირღვევა არსებული სტანდარტი, ხომ არ არის გაჟონვის რისკი და ასე შემდეგ. შეგიძლიათ, დარეკოთ, მოვალთ და შევამოწმებთ.
ყველაზე დიდი რისკის მატარებელი სახლში ღია წვის კამერიანი გამათბობლები, წყალგამაცხელებლებია, რომელთა მონტაჟიც ადრე თვითნებურად ხდებოდა. ამ უკანასკნელი 5 წლის განმავლობაში, ჩვენი კომპანიის პირველადი მიზანი არა მარტო პიარ კამპანია, არამედ ადგილზე მისვლა და დანადგარების ჩახსნა იყო. ათიათასობით ასეთი დანადგარი იყო სახლებში.
როდესაც გამათბობელს ან გაზზე მომუშავე ნებისმიერ დანადგარს ამონტაჟებთ, იქამდე გაზსადენი უნდა მივიდეს. გაზსადენის თვითნებური მონტაჟი არ შეიძლება. ამიტომ, მოქალაქემ უნდა მოგვმართოს, ონლაინ მოგვწეროს Te.ge-ზე, გვეწვიოს ოფისში, მოითხოვოს პროექტში კორექტირება. საუბარი არსებულ აბონენტებზე მაქვს, რომლებმაც გადაწყვიტეს, დაამატონ ან შეცვალონ დანადგარი. შესაბამისად, ჩვენი წარმომადგენლები ადგილზე მისვლის შედეგად, ურჩევენ, სად დაამონტაჟონ დანადგარი, მისცემენ შესაბამის რეკომენდაციებს, შედგება პროექტი და იქ, სადაც აღნიშნულ გამათბობელს იყიდის, მათი მხრიდან მოხდება მონტაჟი. ჩვენ ვამონტაჟებთ გაზსადენს.
ვისაც სახლში გათბობის ქვაბი აქვს, მისი ხშირად ჩართვა და გამორთვა რეკომენდებული არ არის. როდესაც სახლს რამდენიმე დღით ტოვებთ, ონკანები აუცილებლად გადაკეტეთ, რათა თავი გაჟონვისაგან დაიცვათ . ასევე, ყოველთვის მოვუწოდებთ ჩვენს აბონენტებს, რომ გაზის გაჟონვის დეტექტორი დაამონტაჟონ. ასე აღარაფრის შეგვეშინდება. დეტექტორი 24 საათი ჩართულ მდგომარეობაში უნდა იყოს. მისი მუშაობის პრინციპია, თუ მოხდა გაჟონვა და იგრძნო დეტექტორმა, თქვენს ბინაში გაზის მოწოდება ავტომატურად წყდება. ყველაფრისგან დაზღვეული ხართ” – განაცხადა გიორგი ლეფსვერიძემ.