“არჩევნებზე მთავარი კითხვა არ იყო, ვინ შევიდოდა ამ პარლამენტში და ვის ექნებოდა მანდატი. მთავარი კითხვა, რომელზეც პასუხი უნდა გაეცა თითოეულ ჩვენგანს და ქართულ საზოგადოებას, იყო შემდეგი: სად იქნება ქართული სახელმწიფო გეოპოლიტიკურ რუკაზე? ვიქნებით რუსული ჭაობი და მათი გეოპოლიტიკური სივრცის ნაწილი, თუ დასავლური გეოპოლიტიკური სივრცის ნაწილი”- ამის შესახებ “კოალიცია ცვლილებისთვის” ლიდერმა ნიკა მელიამ რუსთაველზე გამართულ აქციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
“ყველანი წავედით არჩევნებზე იმიტომ, რომ ვიცოდით, ეს კითხვა იყო პასუხგასაცემი. მივდიოდით დიდიან-პატარიანად, სოფლებში, ქალაქებში.
გამოაცხადეს არჩევნების შედეგები და აღმოჩნდა, რომ წინა არჩევნებთან შედარებით 270 ათასით მეტი ქართველი მისულა და უკლებლივ ყველას მხარი დაუჭერია ბიძინა ივანიშვილისთვის. ამის რეალობად მიღებას და შეგუებას ვინმე ვაპირებთ? რა თქმა უნდა, არა. აქ მხოლოდ ემოციები არ იქნება, აქ იქნება ბევრი მართალი სიტყვა, გამაგრებული ბევრ ნაბიჯთან ერთად, რომელსაც გადავდგამთ. პრივილეგიაა თითოეული ჩვენგანისთვის აქ ყოფნა. მილიონზე მეტი ხმა აიღო ქართულმა ოპოზიციურმა ჯგუფებმა, ერთმანეთისგან განსხვავებულებმა, მაგრამ თქვენ ეს ხმები ჩვენთვის იმიტომ კი არ მოგიციათ, რომ საპარლამენტო მანდატები ჩაგვედო ჯიბეში, სახელმწიფო გვინდოდა გამხდარიყო ევროპის განვითარებულ სახელმწიფოთა შორის ერთ-ერთი“, – განაცხადა ნიკა მელიამ.