“ჩემთვის არის სრულიად ნათელი, რომ დამკვეთი იყო რა თქმა უნდა ივანიშვილი, შემსრულებელი ეს მთავრობა, რუსების მონაწილეობით”, – ასე ეხმაურება ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, გივი თარგამაძე პროკურატურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას.
გივი თარგამაძის თქმით, ხელისუფლებას ერთი და იგივე ტერაქტით ორ არჩევნებზე ზემოქმედება სურს.
„ცინიზმი ამ ყველაფრის არის ის, რომ ერთი ტერაქტით ორ არჩევნებზე უნდათ ზემოქმედება. 2016 წლის არჩევნებზე ხომ მოახდინეს, ახლა კიდევ უნდათ ამ არჩევნებზე ზემოქმედება…
ახლა ეს საქმე არის სრულიად ნათელი. ჩემთვის არის სრულიად ნათელი, რომ დამკვეთი იყო რა თქმა უნდა ივანიშვილი, შემსრულებელი ეს მთავრობა, რუსების მონაწილეობით, ამაში დარწმუნებული ვარ სრულებით. ეს ჯგუფები ყოველთვის რუსებზე მუშაობდნენ.
შესაბამისად, ორ კვირაში, როდესაც ისინი დატოვებენ ხელისუფლებას და დამყარდება ნორმალური მართლმსაჯულება, პირობას ვაძლევ, რომ არათუ ხეჩოშვილი ვერ დატოვებს საპატიმროს, სათითაოდ მიუსხდებიან ყველანი გვერდზე”, – განაცხადა თარგამაძემ „ფორმულასთან“.
ცნობისთვის, პროკურატურის ინფორმაციით, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, გივი თარგამაძის დამამძიმებელ გარემოებებში მკვლელობის მცდელობის ფაქტზე ძებნილმა პირმა გამოძიებას მნიშვნელოვანი ინფორმაცია მიაწოდა. როგორც პროკურატურაში გამართულ ბრიფინგზე, პროკურორმა ამირან გულუაშვილმა აღნიშნა, დარჩო ხეჩუაშვილის ჩვენების მიხედვით, გივი თარგამაძის კონტროლისა და თვალთვალის დავალება მიხეილ სააკაშვილმა გასცა.
ამასთან, უწყების ცნობით, მოწმე მიხეილ სააკაშვილთან ერთად ასახელებს ამჟამად უკრაინაში მყოფი, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილის გია ლორთქიფანიძის სახელსა და გვარსაც.