ქეთი დოლიძის შვილიშვილს ძალადობრივი ჯგუფების წარმომადგენლები თავს დაესხნენ – ამის შესახებ ინფორმაციას რეჟისორი “ფეისბუქის” გვერდზე წერს.
“ჩემი შვილიშვილი მოდიოდა, ჩემთან სახლში, ბაზალეთის ქუჩაზე! გამოეკიდა ვიღაც ჩოხოსანი, დააგდო ეზოში, ჩემს ეზოში! ეს რა მხეცობაა, ლუკას და ორ მის მეგობარს აი, ასე უაზროდ გამოეკიდა ვიღაც მხეცი! აი, ამას ვამბობ პროვინციალიზმი უკიდეგანო, აგრესიული პროვინციალიზმი თან! ვინ საიდან მოდის და მიდის, უკვე არავინ იცის! ეს არის გაუნათლებლობა სიბნელე და უბედურება!
საით მიდიხართ ხალხო? რა ხდება? ვინ გაგიჟებთ?
ასე იცავთ “ქართველობას”?
რა აქვს ამ სიმხეცეს საერთო ღმერთთან, ან რწმენასთან, ან ადამიანობასთან??? ამას ვინ მართავს, ის არის ყველაზე დიდი დამნაშავე დღეს!!!” – წერს დოლიძე სოციალურ ქსელში.
შეგახსენებთ, რომ რუსთაველის გამზირსა და მიმდებარე ტერიტორიებზე „თბილისი პრაიდის“ მოწინააღმდეგეებმა ჟურნალისტებისა და ოპერატორების მიმართ აგრესიული ქმედებები განახორციელეს, რის შედეგადაც დაშავდნენ სხვადასხვა მედიასაშუალების წარმომადგენლები.
ამასთან, აშშ-ის და ევროკავშირის საელჩოები საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებენ, უზრუნველყონ ლგბტქ ადამიანების გამოხატვის თავისუფლება ისე, როგორც ამას საქართველოს კონსტიტუცია ითვალისწინებს. თუმცა, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა დღეს, დილით, მთავრობის სხდომის დაწყებამდე განაცხადა, დღეს დაგეგმილი “ღირსების მარში” მისთვის “მიზანშეუწონელი” და საფრთხის შემცველია. მისივე თქმით, ღირსების მარშის მიღმა ოპოზიცია დგას.