მსახიობმა და ტელეწამყვანმა, ნინუცა მაყაშვილმა რამდენიმე წლის წინ მაზე განხორციელებული სისტემატური ძალადობის შესახებ რუსთავი 2-ის ერთ-ერთი გადაცემის – „ფარული კონვერტის“ დროს ისაუბრა.
ნინუცა მაყაშვილი თავისი რთული და მტკივნეული გამოცდილების შესახებ ჟურნალ “OK” -თან საუბრობს და მსგავს მდგომარეობაში მყოფ ქალებს ურჩევს, რომ ბრძოლა ღირს და ისინი მარტო არ არიან.
იხილეთ ნაწყვეტი ინტერვიუდან:
“დიახ, არის ასეთი შეკითხვები: „რატომ არ დაშორდი მანამდე?“; „რატომ იტანდი?“. ყოველთვის არსებობს მსხვერპლის ცხოვრების ის ნაწილი, სადაც საზოგადოება მზადაა მას მოედავოს, მაშინაც კი, თუ მოძალადეს გაშორდა. „რა მოხდა მერე, ოჯახი ასეთია“; „დიდი ამბავი, ერთხელ თუ დაგარტყა“ − ალბათ, მსგავსი კომენტარებიც მოუსმენია ბევრს. მაშინ ჩემი მოთმინების ზღვარი შიშში გადაიზარდა. ყველას, ვინც ეს გამოვიარეთ, ან ახლა გავდივართ, ერთი შიში გვაქვს და ვერ ვსაუბრობთ ამ თემაზე. ამას ემატება სირცხვილის გრძნობა. ძალიან მრცხვენოდა. ყველა მიცნობდა, რომ ვიყავი მხიარული, ლაღი ნინუცა და მრცხვენოდა ჩემი ცხოვრების ამ ნაწილზე მომეყოლა, მეღიარებინა, რომ ძალადობის მსხვერპლი ვიყავი.
ჩემს შემთხვევაში, შვილი იყო წამოსვლის მთავარი მოტივატორი. ვერ დავუშვი, რომ ნოდარიკო იმ ძალადობრივ გარემოში გაზრდილიყო. 7 თვის იყო, როცა წამოვედი. მას არ უნდა ენახა ეს ძალადობა, როდესაც დედას მამა ჩაგრავს. მისი და ჩემი ფიზიკური და ფსიქიკური ჯანმრთელობისთვის უბრალოდ გადავწყვიტე − ავდექი და წამოვედი”- ამბობს მსახიობი.