ინფექციური საავადმყოფოს გენერალური დირექტორი თენგიზ ცერცვაძე “ფეისბუქის” პირადი გვერდის მეშვეობით განცხადებას ავრცელებს:
“ბატონმა ვახო კალოიანმა რეალობის განცდა დაკარგა.
ცნობილმა რეანიმატოლოგმა ბატონმა ვახო კალოიანმა ძალიან მოუხშირა ქვეყანაში COVID-19-ის პანდემიის მართვასთან დაკავშირებით ფობიურ გამონათქვამებს და ჩვენთვის ძალიან სამწუხაროდ ტიპიურ „ჰეითერად“ ჩამოყალიბდა.
ა.წ. 27 ივნისს მან არც მეტი, არც ნაკლები დაწერა, რომ “COVID-19-ის შემთხვევათა მართვის კლინიკური ჯგუფი დაკავებულია ყველაფრით, გარდა მისი პირდაპირი მოვალეობისა“ ?! – და ამას ამბობს ადამიანი, რომელსაც პანდემიის დაწყებიდან დღემდე ღვარძლის და საბოტაჟის მცდელობის გარდა არაფერი გაუკეთებია პანდემიასთან გასამკლავებლად. საქმეს ვინ ჩივის, ერთი კონკრეტული კონსტრუქციული წინადადებითაც კი არ გამოსულა. ასე იცის დაუკმაყოფილებელმა ამბიციამ.
რისი თქმა უნდა ბატონ ვახოს? რას აკეთებს COVID-19-ის შემთხვევათა მართვის კლინიკური ჯგუფი ისეთს, რასაც არ უნდა აკეთებდეს და პირიქით – რას არ აკეთებს ისეთს, რასაც უნდა აკეთებდეს. სწორედ კლინიკური ჯგუფის ძალისხმევით COVID-თან ბრძოლის წინა ხაზზე მდგომ ექიმებთან ერთად შემუშავდა და დაინერგა COVID პაციენტების მკურნალობის და მოვლის ოპტიმალური მეთოდები პანდემიის ყოველი კონკრეტული ეტაპისთვის, ინოვაციური მიდგომები, რემდესივირი, ტოცილიზუმაბი, კონვალესცენტის პლაზმა, ჟანგბადის მიწოდება მაღალი ნაკადით (ე.წ. high flow), პაციენტთა ნაკადების მართვის პრინციპები, ტრენინგები, COVID კლინიკებთან ონლაინ და ინტერაქტიური შეხვედრები, რთული შემთხვევების გარჩევები, და სხვ. ხოლო რაც შეეხება ვაქცინაციას, შეზღუდვებს, რეგულაციებს, ეკონომიკას და სხვა მსგავს აქტივობებს – ეს კლინიკური ჯგუფის პრეროგატივა არ არის. ბატონი კალოიანი ჭკუას რომ გვასწავლის, ტოცილიზუმაბის იმპლემენტაცია მისი გაიდლაინში შეტანით უნდა მოგეხდინათო, ისიც არ იცის, რომ კლინიკური ჯგუფის მიერ შემუშავებულ ბოლო გაიდლაინში (ა.წ. მაისი) დეტალურად (ძალიან დეტალურად) არის გაწერილი COVID პაციენტებში მედიკამენტ ტოცილიზუმაბის გამოყენების პრინციპები. თუ რამდენად ეფექტიანია კლინიკური სექტორის საქმიანობა, შედეგები გვიჩვენებს.
COVID პაციენტების კლინიკური მართვის ეფექტიანობის მთავარი მაჩვენებელი – ყველა დადასტურებულ COVID შემთხვევებში სიკვდილობის პროცენტი – ე.წ. “CFR” (case fatality rate) საქართველოს ბევრად უკეთესი (დაბალი) აქვს, ვიდრე აშშ-ს და ევროპის 34 ქვეყანას და ეს მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში ძალიან დაბალია ვაქცინაციით მოცვის დონე, პრაქტიკულად გაუქმებულია ყველა შეზღუდვა და მოსახლეობა არ გამოირჩევა დარჩენილი რეგულაციების (პირბადე დახურულ სივრცეებში, ხალხმრავალი შეკრებებისგან თავის შეკავება და სხვ.) სკრუპულოზური შესრულებით.
ბატონი კალოიანი და მისი თანამოაზრეები ხშირად გვიკიჟინებენ ჩვენ პოლიტიკაში აქტიური ჩართულობის გამო და ცდილობენ წარმოაჩინინ ეს ჩვენს მაკომპრომეტირებელ ფაქტორად?! – არადა არანაირ პოლიტიკაში აქტიურად ჩართული არ ვართ. უბრალოდ, „ქართული ოცნების“ ერთი რიგითი მხარდამჭერი ვართ, იმიტომ, რომ ვთვლით, რომ იგი სხვა პარტიებზე უკეთესია და თუ სხვა სხვანაირად თვლის, ეს მისი ნებაა.
ძალიან ნიშანდობლივი ფაქტი. თვითონ ბატონი კალოიანი არამარტო გარკვეული პოლიტიკური ძალის აქტიური მხარდამჭერია, არამედ 2020 წლის ოქტომბრის არჩევნებში პირადად იყრიდა კენჭს „ევროპული საქართველოს“ სიით მაჟორიტარად აჭარის უმაღლეს საბჭოში და ხმების მხოლოდ 3 (სამი) % მიიღო. ამის შემდეგ თავმოყვარე ადამიანი მინიმუმ ხმას არ ამოიღებდა. ის კი დღედაღამ ჩვენს პოლიტიკურ აქტივობაზე ლაპარაკობს. იქნებ ვინმემ აგვიხსნას, რატომ არის ჩვენს მიერ „ქართული ოცნების“ მხარდაჭერა დანაშაული და ბატონი კალოიანის მიერ „ევროპული საქართველოს“ სიით კენჭისყრა – არა. თუ ვინმე თვლის, რომ ექიმი აუცილებლად აპოლიტიკური და ნეიტრალური უნდა იყოს, ჯერ ერთი რატომ, ექიმიც ხომ საზოგადოების წევრია ისევე, როგორც იურისტი, ეკონომისტი, ხელოვანი, სპორტსმენი და სხვ. და მეორეც – ბატონი კალოიანიც (და ბევრი სხვაც) ხომ ექიმია და თან ჩვენზე არანაკლებ ცნობილი”,- წერს თენგიზ ცერცვაძე სოციალურ ქსელში.