“ამ განცხადების მერე ეროვნულ ჩუნგა-ჩანგებში ეძიონ მხარდამჭერები” – ასე ეხმაურება მწერალი ლაშა ბუღაძე რიონის ხეობის მცველების განცხადებას პრაიდის კვირეულზე.
“ეჰ, “არ გათეთრდების ყორანი…” აბა, ჯვარკომბალა ვასაძის და ჩუნგა-ჩანგა კორკოტების დაწესებული აკრძალვებით ვიცხოვროთო? ამ განცხადების მერე ეროვნულ ჩუნგა-ჩანგებში ეძიონ მხარდამჭერები… ძალიან სამწუხაროა” , – წერს ბუღაძე სოციალურ ქსელში.
რიონის ხეობის მცველებმა პრაიდის კვირეულთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელეს, სადაც აღნიშნულია, რომ “პრაიდი დიდ დარტყმას აყენებს ეროვნულ ერთობას”.
განცხადების მიხედვით, რიონის მცველებმა “აუცილებლად ჩათვალეს”, მკაფიოდ გამოხატონ პოზიცია პრაიდის ორგანიზატორების მიერ დაგეგმილ კვირეულთან დაკავშირებით, რადგან ფიქრობენ, პრაიდი “დიდ დარტყმას აყენებს იმ ეროვნულ ერთობას, რომელსაც ასე ვუფრთხილდებოდით მთელი ამ ხნის განმავლობაში.
ნამახვაჰესის მოწინააღმდეგეები წერენ, რომ მათი საინიციატივო ჯგუფი “მართლმადიდებელ უმრავლესობას მიეკუთვნება” და რელიგიური თვალსაზრისით, მათ შეხედულებებს “აბსოლუტურად განაპირობებს ქრისტიანული სწავლება”. მათივე განცხადებით, პრაიდი “არატრადიციული ცხოვრების წესის პროპაგანდაა”, ეწინააღმდეგება საზოგადოებრივ აზრს, გამოხატავს მხოლოდ გარკვეული ჯგუფის ვიწრო ინტერესებს და მიმართულია სამოქალაქო ერთობის წინააღმდეგ.
“ამდენად, საზოგადოებრივი მოძრაობა “რიონის ხეობის გადარჩენისთვის” ცალსახად ემიჯნება “თბილისი პრაიდის” კვირეულსა და მსგავს აქტივობებს, როგორც სახელმწიფოსა და საზოგადოების წინააღმდეგ მიმართულ ქმედებას”. – წერია განცხადებაში.
აღნიშნულს თბილისი პრაიდის ორგანიზატორი, გიორგი თაბაგარიც გამოეხმაურა, რომელმაც დაწერა, რომ რიონის ხეობის მცველების მიერ გავრცელებული განცხადება სამარცხვინოა.
“ღმერთო, რა სამარცხვინო და სამწუხარო განცხადებაა”