ორგანიზაცია “რიონის ხეობის გადარჩენისთვის” თბილისი “პრაიდის” კვირეულთან დაკავშირებით განცხადაბას ავრცელებს, სადაც აღნიშნულია, რომ დაგეგმილი ღონისძიება ეროვნულ ერთობას დიდ დარტყმას აყენებს.
განცხადება “ფეისბუქის” გვერდზე ვრცელდება, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:
“საზოგადოებრივი მოძრაობა „რიონის ხეობის გადარჩენისთვის“ საინიციატივო ჯგუფი ჩვენს მთავარ მონაპოვრად მივიჩნევთ იმ დიდ სამოქალაქო ერთობას, რისი მიღწევაც მოხერხდა ნამოხვანის თემის გარშემო. ჩვენ შეგნებულად ვცდილობთ, არ გავაფართოვოთ ჩვენი განცხადებების არეალი, რათა ყველაფერს არ მივედ-მოვედოთ, რომ არ გამოვიწვიოთ ისედაც ძალიან დანაწევრებული საზოგადოებრივი აზრის კიდევ უფრო მეტად დანაწევრება და ვერ შევძლოთ ჩვენ, მთელმა საზოგადოებამ, კონკრეტული, მნიშვნელოვანი საკითხების გადაწყვეტა. პირველად, თითქმის 250 დღიანი პრეტესტის მანძილზე, აუცილებლად ჩავთვალეთ, მკაფიოდ გამოვხატოთ პოზიცია „თბილისი პრაიდის“ ორგანიზატორების მიერ დაგეგმილ კვირეულთან დაკავშირებით, რადგან ჩვენ ვთვლით, რომ „პრაიდი“ დიდ დარტყმას აყენებს იმ ეროვნულ ერთობას, რომელსაც ჩვენ ასე ვუფრთხილდებოდით მთელი ამ ხნის განმავლობაში. არ ვართ ისეთი გულუბრყვილოები, რომ ვერ ვხედავდეთ, რომ ხდება ეროვნული ერთიანობის იდეის აშკარა დისკრედიტაცია და ეს არ არის ცალმხრივი, შემთხვევითი, ან ერთდღიანი პროცესი. ლგბტქ+ თემა გახდა პოლიტიკური შანტაჟის საფუძველი და ჩვენ ვთვლით, რომ ნამოხვანის პროტესტიც არის ამ პოლიტიკური შანტაჟის ერთ-ერთი სამიზნე.
შეუძლებელია, ვერ დაინახო, რომ ლგბტქ+ თემის უფლებების დაცვის სახელით, ერთის მხრივ, „პრაიდის“ ორგანიზატორთა მცირე ჯგუფი, აგრეთვე, ხელისუფლება და მთელი სპექტრი ოპოზიციური ძალებისა, წარმოჩინდებიან, როგორც პოლიტიკურ დივიდენდებს მოწადინებული და მათთვის ძნელად მიღწევადი სამოქალქო ერთობის მოწინააღმდეგე ძალა, რომელიც არაფრად აგდებს ჩვენი საზოგადოების აბსოლუტური უმრავლესობის არჩევანს, რელიგიურ გრძნობებსა და ცხოვრების წესს. ასევე, უგულებელყოფენ ისინი განსხვავებული სექსუალური ორიენტაციის ადამიანებს, რომლებიც ცდილობენ სოციალურ ადაპტაციას საზოგადოებაში, სჭირდებათ სამსახური, მშვიდი ცხოვრება და თვითრეალიზაცია. ასეთი „პრაიდი“ და მსგავსი აქტივობები კი ხელოვნურად ზრდის აგრესიას მათ მიმართ და ბევრად დაუცველი ხდება მათი პირადი სივრცე.
სამწუხაროა, რომ ქართული საზოგადოება გარკვეულ ინდეფერენტულობას იჩენს მნიშვნელოვანი სახელმწიფოებრივი საკითხების მიმართ, მიდრეკილია, პერსონებისგან შექმნას კერპები და ასე აარიდოს თავი პასუხისმგებლობას. ამით სარგებლობენ ცალკეული პოლიტიკური ფიგურები თუ ჯგუფები, კონკრეტული პრობლემებიდან ვექტორი გადააქვთ სხვა მიმართულებით და გვრჩება გადაუჭრელი საკითხების მთელი წყება, მორიგი იმედგაცრუება და გვემატება საბაბი ეროვნული ნიჰილიზმის გასაღრმავებლად.
ჩვენი საინიციატივო ჯგუფი ამ ქვეყნის მართლმადიდებელ უმრავლესობას მიეკუთვნება და რელიგიური თვალსაზრისით, ჩვენს შეხედულებებს აბსოლუტურად განაპირობებს ქრისტიანული სწავლება. ჩვენი აზრით, „თბილისი პრაიდის“ კვირეულის იდეა გარდა იმისა, რომ ერთმნიშვნელოვნად არის არატრადიციული ცხოვრების წესის პროპაგანდა, ეწინაამდეგება საზოგადოებრივ აზრს, გამოხატავს მხოლოდ გარკვეული ჯგუფის ვიწრო ინტერესებს და მიმართულია სამოქალაქო ერთობის წინააღმდეგ.
ამდენად, საზოგადოებრივი მოძრაობა „რიონის ხეობის გადარჩენისთვის“ ცალსახად ემიჯნება „თბილისი პრაიდის“ კვვირეულსა და მსგავს აქტივობებს, როგორც სახელმწიფოსა და საზოგადოების წინაამდეგ მიმართულ ქმედებას.” – ნათქვამია განცხადებაში.
აღნიშნულ განცხადებას “პრაიდის” ორგანიზატორთა და მხარდამჭერთა მხრიდან კრიტიკული გამოხმაურებები მოჰყვა.
რიონის ხეობის მცველებს აქტივისტი გიგა მაქარაშვილი ასე პასუხობს:
“საელჩოები დათაგეთ
დაე, იცოდნენ დიპლომატებმა რომ ჭეშმარიტი ქართველები არც ჰესებს და არც პიდარასტებს არ დაუშვებენ!”
დაე, იცოდნენ დიპლომატებმა რომ ჭეშმარიტი ქართველები არც ჰესებს და არც პიდარასტებს არ დაუშვებენ!”
თბილისი პრაიდის ერთ-ერთი ორგანიზატორი გიორგი თაბაგარი წერს: – “ღმერთო, რა სამარცხვინო და სამწუხარო განცხადებაა…”
ჟურნალისტ ნინია კაკაბაძის გამოხმაურება ასეთია: “დიდი მადლობა. კარგი საყრდენი შეუქმენით მოძალადე ჯგუფებს!”
აქტივისტ სალომე ბარკერი კომენტარი: -“სირცხვილია!”
არასამთავრობო ორგანიზაციის პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის (PHR) თავმჯდომარის ანა აბაშიძის შეფასება:
“პრიმიტიული აზროვნება, ერთ ჭრილში დანახული კეთილდღეობა და ნულოვანი თანაგრძნობა – ესაა ამ განცხადების დამწერების, მათი კონსულტანტების პრობლემა. რთული აღმოჩნდა სხვის თემებზე გულითადი პოზიციის ქონა, მაგრამ თავისაზე მჯიღს იცემენ გულში. ასე მუშაობს უმრავლესობის დიქტატი ყველგან.”
მწერალი ლაშა ბუგაძე “ფეისბუქზე” წერს: “ეჰ, “არ გათეთრდების ყორანი…” აბა, ჯვარკომბალა ვასაძის და ჩუნგა-ჩანგა კორკოტების დაწესებული აკრძალვებით ვიცხოვროთო? ამ განცხადების მერე ეროვნულ ჩუნგა-ჩანგებში ეძიონ მხარდამჭერები… ძალიან სამწუხაროა”
PRIDE-კვირეულის პირველი ღონისძიება 1-ელ ივნისს მაინც გაიმართა. ფილმის დახურულ ჩვენებაზე დიდი ბრიტანეთის და გერმანიის ელჩებიც და სხვა საელჩოების წარმომადგენლებიც მივიდინენ.
ღონისძიების დაწყებამდე, ძალადობრივმა ჯგუფებმა თბილისი “პრაიდის” მონაწილეებს კვერცხები, ქვები და ბოთლები ესროლეს. მათ გზის გადაკეტვაც სცადეს, რასაც პოლიციასთან დაპირისპირება მოჰყვა. პირველი დაპირისპირებისას, ადმინისტრაციული წესით დააკავეს 12 ადამიანი, მათ შორის, ალტ-ინფოს წამყვანი, ზურა მახარაძე.ფიზიკური დაპირისპირება გაგრძელდა კინოჩვენების დასრულების შემდეგაც – ძალადობრივი ჯგუფები პოლიციელებსაც დაუპირისპირდნენ და ბოთლები ესროლეს, სამართალდამცველებმა შემდეგ კიდევ რამდენიმე აქტივისტი დააკავეს.
ჯამში, შსს-მ ძალადობრივი ჯგუფის 23 წევრი დააკავა. მათგან 20 დღეს, 2 ივლისს ხელწერილით გაათავისუფლეს.