უმწვავესი დაპირისპირება „თბილისი პრაიდის“ კვირეულზე – ღონისძიების ადგილზე ფიზიკურ შეხლა -შემოხლას ჰქონდა ადგილი. ვითარება მას შემდეგ დაიძაბა, რაც კვირეულის მოწინააღმდეგებმა გზის გადაკეტვა სცადეს.
აღსანიშნავია, რომ პრაიდის ჩატარების ადგილმდებარეობა გასაიდუმლოებული იყო, თუმცა კონტრაქციის წარმომადგენლები ადგილზე მაინც მივიდნენ.
ძალადობრივი ჯგუფის წევრები პოლიციის კორდონის გარღვევას და ფილმის ჩვენების ჩაშლას შეეცადნენ. მათ ქვების, კვერცხებისა და ბოთლები სროლა დაიწყეს.
ძალადობრივი ჯგუფის წევრებისგან პოლიციამ გზის სავალი ნაწილი გახსნა, რომელიც რამდენიმე წუთის განმავლობაში გადაკეტილი იყო. სამართალდამცველებმა რადიკალური ჯგუფის რამდენიმე აქტივისტი დააკავა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა, ვაჟა სირაძემ ღონისძიების უსაფრთხოების ზომებთან დაკავშირებით ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა.
სირაძის განცხადებით, პოლიცია ადგილზე მობილიზებულია მართლწესრიგის დაცვის უზრუნველყოფის მიზნით.
„შინაგან საქმეთა სამინისტრომ გააკეთა განცხადება და კიდევ ერთხელ აღვნიშნავთ, რომ ადგილზე – მობილიზებულია სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლები, რომელიც იცავენ საზოგადოებრივ წესრიგს და მართლწესრიგს.
ჩვენ კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ ყველას, რომ დაემორჩილონ პოლიციის კანონიერ მოთხოვნას, არ დაარღვიონ კანონი, ყველას აქვს სიტყვის და გამოხატვის უფლება – როგორც ერთ ასევე მეორე მხარეს და ასევე, ჩვენ კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ მათ, რომ არ გასცდნენ კანონის ჩარჩოებს არ გასცდნენ სიტყვის და გამოხატვის თავისუფლების ჩარჩოებს და თავიანთი პროტესტი გამოხატონ მშვიდ ვითარებაში.
ნებისმიერი ფაქტი სამართალდამცველზე თავდასხმის ან შეურაცხყოფის მკაცრად იქნება დასჯილი. კიდევ ერთხელ მოვუწოდებ ყველას რომ იმოქმედონ კანონის შესაბამისად, თავიანთი უფლებები გამოხატონ კანონის ჩარჩოებში“, – განაცხადა ვაჟა სირაძემ.
“თბილისი პრაიდის” კვირეულის ფარგლებში დღეს კინოჩვენება და დისკუსია უნდა გაიმართოს, რომელსაც საქართველოში აკრედიტებული ელჩები და სხვადასხვა პოლიტიკოსი დაესწრებიან.
ადგილზე დიპლომატებმა მისვლა უკვე დაიწყეს.