საქართველოს პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდია შვილი, კონსტანტინე გამსახურდია სოციალურ ქსელში აკადემიკოს გურამ შარაძის შესახებ წერს და აღნიშნავს, რომ “ქალაქის ცენტრში მისი მხეცური მკვლელობა დღემდე გამოუძიებელია.”
” ―შვილი ვინ მომიკლა, ვერ გამოიძიეს, ჩემს მეუღლეს მანქანა ვინ დააჯახა, ისიც ვერ გამირკვევია. სანამ მესვრიან, მანამდე მოვასწრებ და ვიტყვი სიმართლეს, რომ ესენი ქვეყანას ღუპავენ! … ჩემს ცოლს ანდერძი დავუტოვე, მე თუ მომკლავენ, მკვლელს მადლობა უთხარით, რადგან… ჩემს შვილთან მისასვლელ გზას შემიმოკლებს. პასუხი იმას მოსთხოვეთ, ვინც ჩემი და ჩემი შვილის მოკვლა დაავალა. ოღონდ… სიკვდილით არც ის დასაჯოთ. მკვლელებისთვის ყველაზე დიდი სასჯელი ის იქნება, ლაშა და გურამ შარაძეების სისხლით რომ ექნებათ ხელები შეღებილი… ..!“
გურამ შარაძე.
“დაუვიწყარი ბატონი გურამი… უამრავი სასიკეთო საქმის წამომწყები და გამკეთებელი, არაერთი საინტერესო წიგნის ავტორი. საზარელია იმ ფაქტის წარმოდგენაც კი, რომ მისი მხეცური მკვლელობა ქალაქის ცენტრში, ყველას თვალწინ, დღემდე გამოუძიებელი და პასუხგაუცემელია. დიახ, ისიც 6 იანვრის სამხედრო-კრიმინალური გადატრიალების მსხვერპლი – 15 წლის შემდეგ. ვინმე ბარათელის მითის, რომელიც არც მიწისაა, არც ცისა, ცხადია არავის სჯერა. გურამ შარაძე, რომელმაც კონსტანტინე და ზვიად გამსახურდიების კუთვნილი მემორიალური სახლიდან არაერთი ნივთი გადაარჩინა 1992 წელს, არაერთგზისი თავდასხმის, გაძარცვისა და ხანძრის შემდეგ და ამ ქმედებით ჯერ კიდევ იმ დროში მუზეუმს ჩაუყარა საფუძველი (თუმცა ჯერჯერობით ნივთების გარეშე – რაღაც-რაღაცეები ან ლიტერატურის მუზეუმშია, ან სხვადასხვა ადგილებში) – იმ ორი მოღვაწის მომავალ მუზეუმს, რომელთა გარეშეც მე-20 საუკუნის საქართველოს ისტორია ვერ დაიწერება” – წერს გამსახურდია სოციალურ ქსელში.
აკადემიკოსი და პარლამენტარი გურამ შარაძე 2007 წლის 20 მაისს თბილისში, მელიქიშვილის გამზირზე მოკლეს. ცეცხლსასროლი იარაღიდან 3-ჯერ ნასროლი ტყვიით მიყენებული ჭრილობების შედეგად შარაძე ადგილზე დაიღუპა.
გურამ შარაძის მკვლელობის ბრალდებით სამართალდამცველებმა გიორგი ბარათელი დააკავეს, თუმცა აკადემიკოსის ოჯახის წევრები მკვლელობის პოლიტიკურ მოტივზე საუბრობდნენ.
გურამ შარაძის მკვლელობისთვის დაკავებულმა გიორგი ბარათელმა საპატიმრო 2017 წლის სექტემბერში დატოვა. 10-წლიანი პატიმრობის შემდეგ, ბარათელმა განაცხადა, რომ დანაშაული მან ჩაიდინა და ამის შესახებ სასამართლო და გამოძიებაც ინფორმირებულია. სასჯელაღსრულების დასეწებულებიდან გამოსვლის შემდეგ ბარათელი ამბობდა, რომ არ იცის, რის საფუძველზე აკეთებენ აკადემიკოს შარაძის ოჯახის წევრები განცხადებებს, რომ თითქოს ბარათელი უდანაშაულოა.