რუსეთში მცხოვრები ქართველი ტელეწამყვანი, საქართველოს მეორე პრეზიდენტის შვილიშვილი სოფო შევარდნაძე სოციალურ ქსელში პანიკური შეტევების შესახებ მკითხველს საკუთარ გამოცდილებას უზიარებს:
“ის, რაც ადრე უჩვეულო მოვლენად და რთული ფსიქოლოგიური მდგომარეობის გამოვლინებად მიიჩნეოდა, თანამედროვე აქტიური ადამიანისთვის ნორმად იქცა. ჩემს გარემოცვაში ალბათ არავინაა ისეთი, ვისაც ის ერთხელ მაინც არ გამოუცდია. ვსაუბრობ პანიკის შეტევაზე…
პანიკრი შეტევები – თანამედროვეობის თავის ტკივილია. ის არავის ინდობს, შესაძლოა დაემართოს ტოპ-მენეჯერსაც, მსახიობს თეატრში, ან ბარისტას თქვენს საყვარელ კაფეტერიაში. სტრესი, ფიზიკური დაღლილობა,
ნერვული გამოფიტვა, ჰორმონალური დისბალანსი – ეს ყველაფერი შეიძლება მისი მიზეზი გახდეს. არასდროს დაგმართნიათ? – იღბლიანი ხართ.
ხელის გულები გისველდებათ, გიჩქარდებათ გულისცემა, ფიქრები იბინდება, შფოთი იზრდება, გეჩვენება, რომ იგუდები და იწყებ ფიქრს, რომ სწორედ ასეთია სიკვდილი. სხეულის ყოველი უჯრედი შიშითაა მოცული. შემდეგ კი ყველაფერი გაივლის და რა იყო მიზეზი, ან რამ დაგამშვიდათ, გაუგებარი რჩება.
გამონაკლისი არც მე აღმოვჩნდი. პანიკის ერთ-ერთი შეტევა თეატრში დამემართა. როგორც კი სინათლე ჩააქრეს, მაშინვე შფოთი დამეწყო. რიგის ბოლო სკამზე ჯდომა, ერთადერთი საშუალება იყო, დამემშვიდებინა საკუთარი თავი იმით, რომ გასასვლელთან ახლოს ვიყავი და ნებისმიერ დროს შემეძლო იმ ადგილის დატოვება. თუმცა ეს მხოლოდ მცირედით ამსუბუქებდა შფოთს, სათანადო ადგილზე რომ არ ვმჯდარიყავი, გონებაც კი შეიძლებოდა დამეკარგა.
წიგნების მაღაზიებში თაროებზე უამრავ წიგნს ნახავთ იმის შესახებ თუ, როგორ მოვიხსნათ სტრესი, გავიგონოთ საკუთარი ხმა და დავძლიოთ პანიკური შეტევა. ფსიქოლოგის კაბინეტში შესაძლოა საათები გაატაროთ ჭეშმარიტი ტრიგერის ძიებაში. პრობლემა კი, პირიქით, ძლიერდება. დღეს უკვე ძნელია ისეთი ნაცნობის პოვნა, ვისაც მსგავსი “პანიკური” გამოცდილება არ ჰქონია. ჰოდა რა არის ეს? ბოლო ხუთ-ათწლეულის ფენომენი? ინფორმაციის უწყვეტი ნაკადი, რომლის გადამუშავებასაც ადამიანის ტვინი უბრალოდ ვერ ასწრებს და ამგვარად ასუფთავებს საკუთარ ოპერატიულ სისტემას? სად ვეძებოთ წყარო და როგორ შევაჩეროთ ის? გაქვთ თუ არა პასუხები ამ კითხვებზე?” – წერს შევარდნაძე.