ერთა ლიგაზე საქართველოსა და ალბანეთის ნაკრების მატჩს ალბანეთის პრემიერ-მინისტრი ედი რამა მეუღლესთან, ლინდასთან და შვილთან, ზაჰოსთან ერთად დაესწრო. მათ გვერდით იმყოფებოდა ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი არმანდ დუკა. ქვეყნის პრემიერ-მინისტრი ეროვნული გუნდის დიდი გულშემატკივარია, უკრაინის დამარცხება (2:1) პირადად მიულოცა მოთამაშეებს, ამჯერად კი, ალბათ, კმაყოფილი ვერ დარჩა და მისალოციც არაფერი ჰქონდა.
როგორც ადგილობრივი მედია წერს, თანაბარ შეხვედრაში ყველაფერი გიორგი ქოჩორაშვილის სუპერგოლმა გადაწყვიტა.
კომენტარი მატჩის შედეგებთან დაკავშირებით ალბანელმა ფეხბურთელებმა – ელსეიდ ჰისაიმ და მარიო მიტაიმ გააკეთეს.
ჰისაი: „ცუდად არ გვითამაშია. დავიღალეთ, რადგან მეტოქე დაცვაში ძალიან უკან
ჩადგა. საქართველო მზარდი გუნდია, ჯგუფში უძლიერესად ითვლება. უკეთ გარჯა გვმართებდა. „კვარას“ ორი მეურვე მივუჩინეთ, ვინაიდან მათი ყველაზე მნიშვნელოვანი ფეხბურთელია. უკრაინა ჩვენზე ზეწოლას ახორციელებდა, მაგრამ შესატევად მეტი სივრცეები გვქონდა. დღეს მაქსიმალურად დავიხარჯეთ, თუმცა მიზანს ვერ მივაღწიეთ“.
მიტაი: „ვთვლი, რომ მთლიანობაში კარგი მატჩი ჩავატარეთ. ბევრი ვირბინეთ, 2-3 შანსი ვერ გამოვიყენეთ, მათ კი ორი შესაძლებლობა ჰქონდათ და გოლი გაგვიტანეს. დაღლილობა ჩვენს მარცხს ვერ გაამართლებს, რამეთუ მეტოქეც ანალოგიურ სიტუაციაში იმყოფებოდა – სამ დღეში ორჯერ ითამაშეს. ბურთი ფლანგებზე უფრო სწრაფად უნდა გვემოძრავებინა“