Ferrero-მ საქართველოში თხილის პლანტაციები გაყიდა. თუ 2022 წელს კომპანია 2 300 ჰექტრამდე თხილნარებს ფლობდა, 2023 წელს პლანტაციების ფართობი 800 ჰექტრამდე შემცირდა – ამის შესახებ აღნიშნულია Ferrero-ს შვილობილი კომპანია „აგრიჯორჯიას“ ფინანსურ ანგარიშში. ამავე ანგარიშით, „აგრიჯორჯიამ“ გასული წლის ზაფხულში 1,500 ჰექტარ მიწის ნაკვეთებზე მდებარე პლანტაციები და მასთან დაკავშირებული საკუთრება გაყიდა, ხოლო 2021 წელს 1,815 ჰექტარი მიწა.
„2021 წლის აგვისტოში, კომპანიამ გაყიდა მარტვილის, აბაშისა და სენაკის რაიონებში 1,815 ჰექტარ მიწის ნაკვეთებზე მდებარე პლანტაციები და მასთან დაკავშირებული საკუთრება. პლანტაციები მოიცავდა მიწას (კლასიფიცირებულია როგორც ძირითადი საშუალებები და საინვესტიციო ქონება) და შენობებს 11,280 ათასი ლარის საბალანსო ღირებულებით და მასთან დაკავშირებული ბიოლოგიურ აქტივებს 23,397 ათასი ლარის საბალანსო ღირებულებით. პლანტაციისთვის მიღებულმა თანხამ შეადგინა 28,152 ათასი ლარი. პლანტაციებისა და მასთან დაკავშირებული ქონების გასვლის შედეგად მთლიანმა ზარალმა შეადგინა 7,932 ათასი ლარი, საბროკერო გადასახადის, რომელიც შეადგენს 1,407 ათასი ლარს, გარეშე.
2023 წლის ივნის-ივლისში, კომპანიამ გაყიდა წალენჯიხის, ჩხოროწყუს და ხობის რაიონებში 1,500 ჰექტარ მიწის ნაკვეთებზე მდებარე პლანტაციები და მასთან დაკავშირებული საკუთრება. პლანტაციები მოიცავდა მიწას, შენობა- ნაგებობებსა და სხვა აქტივებს (კლასიფიცირებულია როგორც ძირითადი საშუალებები) 9,109 ათასი ლარის საბალანსო ღირებულებით და მასთან დაკავშირებულ ბიოლოგიურ აქტივებს 22,473 ათასი ლარის საბალანსო ღირებულებით. პლანტაციისთვის მიღებულმა თანხამ შეადგინა 24,357 ათასი ლარი (დღგ-ს გარეშე). პლანტაციებისა და მასთან დაკავშირებული ქონების გასვლის შედეგად მთლიანმა ზარალმა შეადგინა 7,903 ათასი ლარი. სხვა გასვლებიდან, ძირითადი საშუალებებისა და ბიოლოგიური აქტივების ჩათვლით, წმინდა ზარალმა შეადგინა 175 ათასი ლარი“, – ამის შესახებ აღნიშნულია „აგრიჯორჯიას“ აღნიშნული.
რაც შეეხება კომპანიის სხვა ზოგად ფინანსურ მაჩვენებლებს, „აგრიჯორჯიამ“ 2023 ფინანსური წელი 34.718 მლნ ლარის ზარალით დახურა, მაშინ, როდესაც 2022 წელს 22.313 მლნ-ს მოგება მიიღო. ამასთან, კომპანიამ გასულ ფინანსურ წელს ამონაგები 41.379 მლნ ლარს შეადგენდა, 2022 წელს – 39.006 მლნ-ს. კომპანიის მენეჯმენტის განმარტებით, ზარალი ძირითადად მიწისა და ბიოლოგიური აქტივების გასვლით და საკურსო სხვაობით იყო გამოწვეული. კომპანიის აქტივები 53.685 მლნ ლარს შეადგენს, ვალდებულებები – 10.293 მლნ-ს.
შპს „აგრიჯორჯია“ (შემდგომში – „კომპანია“) დაფუძნდა 2007 წლის 20 მარტს და მდებარეობს საქართველოში. 2023 წლის 31 აგვისტოს მდგომარეობით, კომპანიის ერთადერთი უშუალო მშობელი კომპანია იყო Ferrero Trading Lux S.A. და საბოლოო მშობელი კომპანია იყო Ferrero International S.A. (სს Ferrero TradingLux S.A.-ის უშუალო მშობელი კომპანია), ორივე რეგისტრირებულია ლუქსემბურგში.