მსოფლიოს უხუცესი ადამიანი მარია ბრანიას მორერა 117 წლისა გარდაიცვალა. ინფორმაციას The Guardian-ი ქალის ოჯახზე დაყრდნობით ავრცელებს.
„ის ისე მოკვდა, როგორც უნდოდა: ძილში, მშვიდად, უმტკივნეულოდ“. ყოველთვის გვემახსოვრება მისი რჩევები და მისი სიკეთე“, – აღნიშნულია სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ მათ განცხადებაში.
მარია ბრანიას მორერა 1907 წელს, აშშ-ში დაიბადა, მოგვიანებით კი ოჯახთან ერთად ესპანეთში გადასახლდა. მან ორი მსოფლიო ომი, ესპანეთის სამოქალაქო ომი, 1918 წლის ესპანური გრიპის პანდემია და კორონავირუსის პანდემია გადაიტანა.
გინესის რეკორდებმა ბრანიასი მსოფლიოს უხუცეს ადამიანად ოფიციალურად 2023 წელს აღიარა. მისი გარდაცვალების შემდეგ უხუცესი ადამიანი იაპონელი ტომიკო იტოოკა გახდა, რომელიც 23 მაისს 116 წლის გახდა.
წყარო: პრაიმტაიმი