„ევოლუშენ ჯორჯიას“ თანამშრომლების ნაწილი 39-ე დღეა, გაფიცულია. სამი მათგანი მეშვიდე დღეა შიმშილობს. თუ 20:00 საათამდე, ხელისუფლება, საქართველოს პრეზიდენტი და სახალხო დამცველი პროცესებში არ ჩაერთვებიან, გაფიცულები დიდუბეში ერისთავის ქუჩის გადაკეტვას აანონსებენ.
გაფიცულების მხრიდან აღნიშნული პირობის შესახებ ინფორმაციას პროფკავშირი „ლაბორი“ ავრცელებს.
„მოვუწოდებთ ხელისუფლებას ჩაერთოს კრიტიკულ ზღვრამდე არსებული პრობლემის მოგვარებაში, არ დაუშვას მოშიმშილეების სიცოცხლის და ჯანმრთელობის საფრთხის ქვეშ დაყენება, რადგან უკვე ყოველი წუთი გადამწყვეტია მოშიმშილეებისთვის.
მივმართავთ ხელისუფლებას, საქართველოს პრეზიდენტს და სახალხო დამცველს დაუყოვნებლივ ჩაერთონ პროცესებში დღეს 20:00 საათამდე, რადგან გვექმნება იძულება მოშიმშილეთა სიცოცხლის და ჯანმრთელობის დასაცავად გადავკეტოთ დიდუბის ცენტრალური გზა.
ვიცით რომ დაგვაკავებთ, თუმცა მზად ვართ მოშიმშილეების სიცოცხლის და ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად“, — ამბობენ პროფკავშირში.
მოშიმშილეების მდგომარეობას იქვე მობილიზებული სასწრაფო დახმარების ბრიგადები აკონტროლებენ. როგორც გაფიცულები ამბობენ, მოშიმშილეებს პერიოდულად სისხლში შაქრის დონე მკვეთრად ეცემათ და 5-დან 8 კილომდე წონის კლება აღენიშნებათ, რაც თავად მათივე თქმით, მოსალოდნელი იყო და ისინი ამისთვის მზად იყვნენ.
„ევოლუშენ ჯორჯიას“ გაფიცულმა თანამშრომლებმა შიმშილობა 13 აგვისტოს დღის 12 საათიდან დაიწყეს.