შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების გამოქვეყნება დაიწყო. დღეს მომავალმა სტუდენტებმა უცხოურ ენაში მიღებული ქულა გაიგეს. ტრადიციულად, მაქსიმალური შეფასების მქონე რამდენიმე აბიტურიენტს mshoblebi.ge-ი გაგაცნობთ:
ლუკა ალადაშვილმა ქართულ-ამერიკული სკოლა დაამთავრა. ბიზნესის ადმინისტრირებისა და კომპიუტერული მეცნიერების მიმართულებით აპირებს სწავლის გაგრძელებას. ინგლისურ ენაშიც და ქართულ ენასა და ლიტერატურაშიც მან მაქსიმალური ქულები მიიღო და საკუთარი წარმატების შესახებ გვიყვება:
– ქართულ-ამერიკულ სკოლაში ვსწავლობდი და ინგლისურს ყოველთვის განსაკუთრებულ ყურადღებას ვუთმობდით. ერთიან ეროვნულ გამოცდებზე ინგლისურში გამოყენებული ტესტი იმაზე გაცილებით მარტივი იყო, რასაც სკოლაში ვაკეთებდით. აქამდეც ყოველთვის ვშრომობდი და სისტემატურად ვმეცადინეობდი. ვცდილობდი, ფილმები ინგლისურად მენახა, რაც, ვფიქრობ, ენის გაუმჯობესებაში განსაკუთრებულ როლს თამაშობს.
მნიშვნელოვანია, წინა წლებში გამოყენებული ტესტები კარგად შევისწავლოთ. თავად ეს ძალიან დამეხმარა, რომ დავალებების სტილი გამეგო და გამომეყენებინა.
ქართულ ენასა და ლიტერატურაშიც მაქსიმალური ქულა მივიღე, რაც ვფიქრობ, მასწავლებლის უდიდესი დამსახურებაა. რა თქმა უნდა, თავადაც ბევრი ვიშრომე და მოვინდომე. სკოლაში ბოლომდე ვიხარჯებოდით და ამ გამოცდილებამ და შრომამ შედეგი გამოიღო.
აბიტურიენტებს კი მინდა ვუთხრა, რომ პროგრამული ნაწილის სწავლის პარალელურად, პირად მონდომებას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. თუ თავადაც, დამოუკიდებლად, რაღაცების ძიებას დავიწყებთ და მხოლოდ მასწავლებლის მიერ მოცემულ დავალებებზე არ ვკონცენტრირდებით, გაცილებით უკეთეს შედეგს მივაღწევთ.
ელენე ყვავილაშვილი კიდევ ერთი წარმატებული აბიტურიენტია. მან ილია ვეკუას სახელობის ფიზიკა-მათემატიკის ქალაქ თბილისის N42 საჯარო სკოლა დაამთავრა და სწავლის გაგრძელებას პროგრამირების მიმართულებით აპირებს. ინგლისურ ენასა და ლიტერატურაში კი მაქსიმალური, 70 ქულა მიიღო:
– ინგლისური ენის შესწავლას ბავშვობიდან დიდ დროს ვუთმობდი. შოუებს ინგლისურად ვუყურებდი, წიგნებს ვკითხულობდი, ძლიერი მასწავლებლები მყავდა და უკვე იმხელა ბაზა მქონდა შექმნილი, რომ ტესტს ძალიან მარტივად გავუმკლავდი. ვფიქრობ, მონდომებასა და შრომისმოყვარეობას შესაბამისი შედეგი აუცილებლად მოჰყვება.
აბიტურიენტებს ვურჩევ, რომ ტესტები ხშირად გააკეთონ. ეს შეცდომების აღმოჩენასა და შემდგომ, საკუთარი უნარების გაუმჯობესებაში დაეხმარებათ. თუ ენას შეიყვარებთ, ცხოვრებაში გამოიყენებთ, თუნდაც ფილმების ყურებით, წიგნების წაკითხვით, გაცილებით კარგ შედეგს მიიღებთ არა მხოლოდ საგამოცდოდ, არამედ ზოგადადაც.
ზაზა რატიანმა 32-ე საჯარო სკოლა დაამთავრა და სწავლის გაგრძელებას არქიტექტურის მიმართულებით აპირებს. ინგლისურ ენაში მაქსიმალური შეფასება მიიღო და მომავალ აბიტურიენტებს საკუთარ გამოცდილებას უზიარებს:
– ბავშვობიდან ინგლისურენოვან ლიტერატურას ვკითხულობდი და ამ წელს მასწავლებლის, ანა ოქრომჭედლიშვილის ინიციატივით, C-2-ის დონე გავიარე, რისთვისაც მას დიდ მადლობას ვუხდი.
ყველას ვურჩევ, რომ საკუთარი უნარებისა და ცოდნის გაუმჯობესებაზე ბევრი იმუშაონ, რადგან სკოლაში გავლილი მასალა იშვიათად ყოფნის ადამიანს. მე, პირადად, მეხუთე კლასიდან ჩემი კერძო მასწავლებელი აბიტურიენტებთან მსვამდა და ეროვნული გამოცდის მსგავს ტესტს მაწერინებდა. ამიტომ, მინდა ვთქვა, რომ შრომისმოყვარეობა და მონდომება წარმატების გარანტიაა. ბევრი ვიშრომე და იმედია, ეს შრომა დამიფასდება.
ანა ტატუნაშვილმა 113-ე საჯარო სკოლა დაამთავრა და მომავალში მასწავლებლობას აპირებს. ნახეთ სრულად