“რეალურად, მეფე შიშველია – სისტემას ის ვერ დაიჭერს. ერთადერთი შანსი ბიძინას იქნება ის, რომ გახდეს სერგო ორჯონიკიძე “– აცხადებს პოლიტოლოგი, გია ხუხაშვილი, ფორმულასთან კითხვის საპასუხოდ, დათმობს თუ არა ივანიშვილი ძალაუფლებას არჩევნების წაგების შემთხვევაში.
მისივე თქმით, ბიძინასთვის დღეს მთავარი არის საკუთარი უსაფრთხოების და კეთილდღეობის დაცვა, ეს არის მისი ფუნდამენტური ამოცანა.
“ეს 2 წელი მისთვის დიდი გაუგებრობა იყო, ფატალური შეცდომები დაუშვა. რას ქვია დათმობს, არ დათმობს? მის ნებაზე არ არის, ხალხის ნება უნდა ასრულდეს. მას არ აქვს რესურსები ძალაუფლების შენარჩუნებისთვის. ის კი თამაშობს პუტინის მოდელს… იგივე ალგორითმით რატომ მიყავთ ქვეყანა, რაც რუსეთში იყო? ეგ იცის ბიძინამ, ეგ ინსტრუქცია ჩამოუვიდათ რუსეთიდან და მიყვებიან იმ გზას. რეალურად ეს ხომ პაროდიაა? – პუტინს გარკვეული საფუძველი აქვს, იმპერიაა, ამათ რა აქვთ? არაფერზე არ დგანან, მედროვეების დაჯგუფებაა. რეალურად, მეფე შიშველია – სისტემას ის ვერ დაიჭერს. ერთადერთი შანსი ბიძინას იქნება ის, რომ გახდეს სერგო ორჯონიკიძე – თუ რუსეთს პირდაპირ მოუწოდებს ტანკებით შემოდით და დამიცავითო, ეს იქნება, თორემ, შიდა რესურსებით, არჩევნების წაგების შემთხვევაში, სიტუაციას ვერ დაიჭერს.
მოაწერს ბიძინა ხელს სერგო ორჯონიკიძეობაზე? – დიდი იმედი მაქვს, რომ არ მოაწერს, მაგრამ გამორიცხვით ვეღარ გამოვრიცხავ.
მისი მდგომარეობა ახლა არის დრამატული, ტრაგიკულს არ ვიტყვი, მისი ამოცანები ვიცი და ვიცი რა რისკებს ხედავს, პუტინისაც ეშინია, ამერიკისაც ეშინია, ყველასი ეშინია, მისი დღე არის შფოთები და შიშები და ღამე არის კოშმარები. ჩვენ ვამბობთ, მიშა ციხეშიაო და ბიძინა ციხეში არ არის? ოქროს გალიაც გალიაა. ბიძინაც ერთ ოთახში ცხოვრობს და ერთ საძინებელში ძინავს, ერთ მაგიდასთან ჭამს, ციხეში ის ბიძინაც”- აცხადებს ხუხაშვილი.