“ძალიან სამწუხაროა ის რაც ჩაქვში მოხდა და კიდევ უფრო სამწუხაროა რომ ამ ფაქტს ჩვენი ტელევიზიები (განსაკუთრებით ისეთი არხები რომლების არსებობის შესახებაც კი არ ვიცოდით და ამ ამბავს იყენებენ პოპულარობისთვის) დამახინჯებულად და სხვადასხვანაირად გადმოსცემენ, რაც თავისთავად მოსახლეობაში პანიკას და შიშს თესავს. ხოდა, მე გეტყვით, რა მოხდა.
<< პირველ რიგში, არ არის იმის 100%-იანი მტკიცებულება რომ მართლა გველის ნაკბენით დაიღუპა.>>
1. არაერთმა ტელევიზიამ, ამ ერთი გველისგან, გველეშაპი და ათასნაირი “ჯიში” გამოიყვანა. ზოგი “კავკასიურ გიურზას” წერს, ზოგი “მთის ასპიტს” და რაც ყველაზე ცუდია – ყველა სტატიაში წერია რომ საქართველოშია გავრცელებული, რაც დეზინფორმაციაა, მსგავსი არაფერი გვყავს აქ!
2. მოგვიანებით გავარკვიე რომ გველი არა ველური ბუნებიდან აყვანილი ინდივიდი, არამედ ეგზოტიკური ცხოველი იყო, საზღვარგარეთ შეძენილი და ტურისტს ჰყავდა ჩამოყვანილი (აქვე: თუ საბუთები წესრიგშია, მესაზღვრეს რა უფლება აქვს რომ არ შემოატანოს?)
3. კიდევ უფრო მოგვიანებით გავარკვიე რომ დაკბენიდან რამდენიმე წუთში დაღუპულა. რამდენიმე წუთში, ჯანმრთელ ადამიანს, მსოფლიოში ყველაზე შხამიანი გველიც ვერ მოკლავს! ეს ყოველთვის ძლიერ ალერგიულ რეაქციას ახასიათებს, რასაც ანაფილაქსური შოკი და გარდაცვალება მოჰყვება ხოლმე. ამ შემთხვევაში შხამის სიძლიერეს კი არა, იმასაც არ აქვს მნიშვნელობა გველი უკბენს თუ ფუტკარი
4. გველი გაიქცაო, ამ ინფორმაციას ვერ დავადასტურებ, თუმცა დანამდვილებით გეტყვით რომ აქ გადარჩენის და გამრავლების შანსები ფაქტობრივად არ აქვს, რამდენიმე მიზეზის გამო:
– ტერარიუმშიც კი, სულ ტემპერატურა და ტენიანობა თუ არ დაურეგულირე, მოკვდება
– ჩვენი კლიმატი მისი სასიცოცხლო პირობებისგან მკვეთრად განსხვავდება და
– თუ ისედაც ტერარიუმის და სახლის გველი იყო, ნადირობასაც ვერ შეძლებს
ასე რომ, თქვენ სანერვიულო არაფერი გაქვთ, შეგიძლიათ მშვიდად განაგრძოთ დასვენება და იმედი მაქვს, გველების მასობრივი გაჟლეტის მიზეზად არ იქცევა ეს ერთი შემთხვევა, ისედაც ძალიან ცუდი მდგომარეობის ფონზე.”