თბილისის მერი “TV პირველის” წინააღმდეგ აღსრულების ბიუროს მიმართავს. კახა კალაძე სასამართლო გადაწყვეტილების იძულებით აღსრულებას მოითხოვს.
ნოდარ მელაძე ამბობს, რომ თბილისის მერის მოთხოვნის საფუძველზე, ტელევიზიის ანგარიშების და ქონების დაყადაღებას ელიან.
ნოდარ მელაძეს მიაჩნია, რომ კახა კალაძეს აღნიშნული საქმე იმიტომ გაახსენდა, რომ 27 ივლისს მის დაუდეკლარირებელ ქონებაზე TV პირველის ეთერში სიუჟეტი გავა.
“ვართ მოლოდინის რეჟიმში. ველით თბილისის მერის, კახი კალაძის მოთხოვნის საფუძველზე, ტელევიზიის ანგარიშების და ქონების დაყადაღებას.
აღსრულების მოთხოვნის საფუძველია, აშშ-ის მიერ, კორუფციის ბრალდებით სანქცირებული კლანის კონტროლის ქვეშ მყოფი სასამართლოს შარშანდელი გადაწყვეტილება – “მამულაშვილის ქეისი”
რატომ გაახსენდა კალაძეს ეს ქეისი ახლა? ხვალ, შაბათის ეთერში გადის რეპორტაჟი კალაძის დაუდეკლარირებელ ქონებაზე, რომლის ღირებულებაც ასობით ათასი ლარია. არსებობს მტკიცებულებები რომ ეს ქონება, მისი განკარგვის ქვეშ არის, თუმცა დეკლარაციაში არ წერია. კითხვა გავაგზავნეთ მერთან, გვიპასუხეს რომ არ უნდა დაგვავიწყდეს, საქმე, რომელიც “წავაგეთ”. დღეს შევიდა აღსრულების მოთხოვნა.
რა შეიძლება მოხდეს? თუ ტელევიზიას არ ექნება სახსრები გადაიხადოს ეს ფული, აღსრულების ბიუროს შეეძლება შემოვიდეს და ამოიღოს ტელევიზიის ქონება. მაგალითად მიკროფონი, კამერა, სკამი, კომპიუტერი, გაიტანოს აუქციონზე, გაყიდოს და ფული კალაძეს ჩაურიცხოს”, – წერს მელაძე.
2022 წლის სექტემბერში თბილისის მერმა კახა კალაძემ TV პირველსა და ჟურნალისტ მაია მამულაშვილს სასამართლოში უჩივლა. საქმე ეხებოდა მაია მამულაშვილის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას კახა კალაძის მიერ ტენდერებში სავარაუდო კორუფციულ გარიგებას და ამ გარიგების ფარგლებში 60 მილიონის მიღებას.
მორალური ზიანის ანაზღაურებისთვის კალაძე 100 ათას ლარს მოითხოვდა. თბილისის მერი ასევე ჟურნალისტის მიერ, მისი აზრით, ცილისმწამებლური ცნობის უარყოფასაც ითხოვდა.
2 წლის წინ საქალაქო სასამართლომ ნაწილობრივ დააკმაყოფილა კალაძის სარჩელი ტელეკომპანიის წინააღმდეგ და ოპოზიციურ არხს მორალური ზიანის ასანაზღაურებლად 15 ათასი ლარის გადახდა და ინფორმაციის უარყოფა დაავალა. ეს გადაწყვეტილება ზემდგომმა ინსტანციებმა ძალაში დატოვეს.
ტვ პირველის განცხადებით, უზენაესმა სასამართლომ საბოლოო გადაწყვეტილება 2023 წლის ნოემბერში მიიღო, მერმა კი აღსრულების ბიუროსთვის მიმართვა რვა თვის შემდეგ, ივლისში გადაწყვიტა.