FBI-ს განცხადებით, ახალგაზრდა კაცი, რომელმაც დონალდ ტრამპს პენსილვანიის შტატში, სიტყვით გამოსვლისას ესროლა, 20 წლის თომას მეთიუ კრუკსია. ის მშობლებთან ერთად წყნარ გარეუბანში ცხოვრობდა და რეგისტრირებული იყო, როგორც რესპუბლიკური პარტიის მხარდამჭერი.
ტრამპს ტყვია ყურის არეში მოხვდა – კრუკსის მიერ სროლის შედეგად ადგილზე დაიღუპა პრეზიდენტობის კანდიდატის ერთი მხარდამჭერი, ორი მათგანი კი მძიმედ დაიჭრა. თავად კრუკსი დანაშაულის ადგილზე მოკლეს საიდუმლო სამსახურის ოფიცრებმა, რომლებიც ტრამპს იცავდნენ, როგორც ყოფილ პრეზიდენტსა და ოფიციალურ საპრეზიდენტო კანდიდატს.
თომას კრუკსს თან არანაირი საბუთი არ ჰქონია და გამოძიებამ მისი ვინაობა დნმ-ის საშუალებით დაადგინა.
ბიჭი მშობლებთან ერთად პიტსბურგის გარეუბანში ცხოვრობდა, მკვლელობის მცდელობის ადგილიდან დაახლოებით 70 კილომეტრში. 2022 წელს სკოლის დასრულების შემდეგ, პრიზის სახით 500 დოლარი გადასცეს მათემატიკასა და საბუნებისმეტყველო მეცნიერებებში მიღებული შედეგებისთვის – ამის შესახებ ადგილობრივი პრესა წერს.
სკოლის დასრულების შემდეგ კრუკსი მოხუცთა თავშესაფრის სამზარეულოში მუშაობდა.
ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ბიჭი ოფიციალურად იყო დარეგისტრირებული, როგორც რესპუბლიკური პარტიის მხარდამჭერი.
თუმცა, სამი წლის წინ მან 15 დოლარი შესწირა ორგანიზაცია ActBlue-ს, რომელიც მხარს უჭერს დემოკრატიულ პარტიას.
მედიის ცნობითვე, მკვლელობის დროს ბიჭს ეცვა მაისური Demolition Ranch-ის ლოგოთი. ეს არის YouTube-ს არხი მილიონობით გამომწერით, რომელიც აქვეყნებს ვიდეოებს იარაღისა და ასაფეთქებელი მოწყობილობების შესახებ.
სამართალდამცავებმა გაარკვიეს, რომ იარაღი, რომელიც თომას კრუკსმა გამოიყენა, მამამისმა ლეგალურად შეიძინა ექვს თვეზე მეტი ხნის წინ. ამის შესახებ Associated Press ანონიმურ წყაროებზე დაყრდნობით წერს.
ამ დროისთვის მკვლებობის მცდელობის მოტივი უცნობია
”ჩვენ ვერ დავადგინეთ რა მოტივით მოქმედებდა თომას მეთიუ კრუკსი”, – განაცხადა კევინ როჟეკმა, FBI-ის პიტსბურგის ოფისის ხელმძღვანელმა.
მისი თქმით, გამოძიება შეიძლება რამდენიმე თვე გაგრძელდეს და მათი თანამშრომლები ძალ-ღონეს არ დაიშურებენ, რათა გაარკვიონ, თუ რამ აიძულა გარდაცვლილი ესროლა ტრამპისთვის.
კვირას გვიან გამართულ ბრიფინგზე, როჟეკმა ასევე განაცხადა, რომ FBI-ის ოფიციალური პირები სწავლობენ კრუკსის პროფილებს სოციალურ მედიაში.
“ჯერჯერობით ჩვენ არაფერი გვინახავს საშიში. მაგრამ ჯერ დიდი დრო არ გასულა“, – თქვა როჟეკმა.
გარდა ამისა, FBI-ის დეპარტამენტის ხელმძღვანელის თქმით, კრუკსის ტელეფონი გაიგზავნა ვირჯინიის FBI ლაბორატორიაში ექსპერტიზაზე და მისი ბოლო კონტაქტების შესწავლისას ასევე არაფერი გამოვლენილა ბიჭის მოტივების შესახებ.
თომასის მამამ, მეთიუ კრუკსმა, CNN-თან ინტერვიუში თქვა, რომ მას წარმოდგენა არ აქვს რა მოხდა. და ვიდრე შვილზე პრესასთან ისაუბრებდა, მანამდე სამართალდამცავებს უნდა გასაუბრებოდა.
მკვლელობის მცდელობის შემდეგ, კვირას ღამით, პოლიციამ ალყა შემოარტყა კრუკსის სახლს. ასევე ადგილზე განხორციელდა მეზობლების ევაკუაცია. პოლიციის განმარტებით, ამის მიზეზი კრუკსის სახლში ნაპოვნი ასაფეთქებელი მოწყობილობები გახდა.
საინტერესო დეტალები კრუკსის შესახებ მსოფლიო მედიიდან
მეთიუ კრუკსის მანქანაში რამდენიმე ასაფეთქებელი მოწყობილობა იპოვეს, ინფორმაციას The Wall Street Journal გამოძიების წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს. ასევე წერს, რომ მანქანა, რომელსაც 20 წლის თომას მეთიუ კრუკსი მართავდა, პენსილვანიის შტატში, ტრამპის კამპანიის მიტინგის სიახლოვე ნახეს გაჩერებული.
გამომძიებლებმა ასევე გაჩხრიკეს კრუკსის სახლი, დაკითხეს ოჯახის წევრები.
თომას მეთიუ კრუკსი აშშ-ის საიდუმლო სამსახურმა ცეცხლსასროლი იარაღიდან მოკლა.
კრუკსი შემთხვევის ადგილიდან დაახლოებით ერთი საათის სავალზე ცხოვრობდა. ფედერალურმა საავიაციო ადმინისტრაციამ კვირას განაცხადა, რომ ის ხურავდა საჰაერო სივრცეს ბატლერის პარკის თავზე “უსაფრთხოების განსაკუთრებული ზომების გამო”.
2022 წლის კლასის გამოსაშვები ცერემონიის ვიდეოში, რომელიც New York Times-მა გამოაქვეყნა, კრუკსს საშუალო სკოლის დიპლომს აპლოდისმენტების თანხლებით გადასცემენ. ინტერნეტში გამოქვეყნებული ცერემონიის ვიდეოში ჩანს, რომ ბიჭი სკოლის დირექტორის გვერდით დგას.
მედიამ ჯერ ვერ შეძლო კრუკსის სოციალური მედიის ანგარიშების პოვნა. META ამ დროისთვის არ პასუხობს მედიის კითხვებს წაიშალა თუ არა ეჭვმიტანილის ანგარიშები Facebook-ისა და Instagram-ის გვერდებიდან.
წყარო: Ambebi.ge