სოფელ ქანდის ცამეტი ასურელი მამის სახელობის მონასტრის წინამძღვარი მამა სერაფიმე იხსენებს ამბავს, როგორ დაუკავშირა თავისი ცხოვრება ღმერთს და ეკლესიას.
„მახსოვს ეს იყო სადღაც 1999 წელი, უეცრად გავხდი ცუდად, რაღაც გულმა ამიჩქარა, შემდგომ წნევა გამიზომეს, მქონდა ძალიან მაღალი. კვირაში ორჯერ-სამჯერ ამოდიოდა სასწრაფო. მიკეთებდნენ წნევის დამწევს და ბოლოს აღმოაჩინეს, რომ ეგ იყო ნევროზი. ჩემი შვილის ნათლიამ, მიშიკო ოჩიგავამ მითხრა, წამოდი ეკლესიაში და ნახე, რა კარგად იქნებიო.
ერთხელ ვბრუნდებოდი ეკლესიიდან და ისევ გულის შეტევა მომცა, უკვე აღარ შემეძლო ატანა, მცირე აფთიაქით დავდიოდი. ეს შეტევა, რომ მომცა და დავეცი მუხლის ჩოქებზე, გლდანის მეშვიდეში და ხელები აღვმართე, ვეუბნები (ღმერთს) ან გამიყვანე ან ეს დაავადება მომაცილე-თქო.
კვირა დღეა გავიღვიძე და დედაჩემს ვეკითხები რომელი საათია თქო დედი. დედაჩემმა მითხრა 10-ის ნახევარიაო და უცებ ავნერვიულდი, ვეუბნები ხომ იცი, რომ კვირას მე 9-ის ნახევარზე წირვაზე უნდა ვიყო მეთქი, რატომ არ გამაღვიძე თქო?.. ეგრევე ჩავიცვი და გავიქეცი, მაშინ მივხვდი პირველად, რომ ჩემმა ფეხებმა პირველად მიმიყვანეს ეკლესიაში.
ამ შემთხვევის შემდეგ იმ შეტევამ იკლო, აღარ იყო ისეთი ძლიერი, ის შიშები რაღაცნაირად გამიქრა. შემცვალა ყველაზე მეტად, ალბათ, რომ ჩემს ცხოვრებაში და გულში ღმერთი შემოიჭრა.
ამის შემდგომ მე მეყოლა ქალიშვილი ქეთევანი, სანამ მეყოლებოდა მეცხრე თვეზე მეუღლე ძალიან ცუდად გახდა, ღმერთს მაშინ მივეცი სიტყვა, რომ თუ გადამირჩენ მე ჩემს ცხოვრებას შევწირავ და ბერის სახით ვიცხოვრებ შენთვის. როცა მეყოლა ქეთევანიც და მარიამიც, ნუ მოვიტყუე რა უაზრო აზრები მომდის თავში, ადამიანს გაჭირვების ჟამს, მაგრამ თანდათანობით მივხვდი, რომ სიტყვა შესასრულებელი იყო“, – ამბობს მამა სერაფიმე.